BMW-ს წლის ყველაზე დიდი ჩავარდნა : 2019 BMW 8 Series
2019 წელს მხოლოდ 4 410 BMW-ს მე-8 სერიის მოდელი გაიყიდა.
დიდხნიანი მოლოდინის მიუხედავად, ახალმა მე-8 სერიის BMW-მ მომხმარებელი ვერ მოხიბლა. გამოქვეყნებული მონაცემებით, 2000 მოდელზე მეტი გაუყიდავი დარჩა და კიდე ახალი 700 ერთეული სადილეროებში მიემართება.
რიგ ქვეყანაში BMW-ს სადილეროები აცხადებენ, რომ ახალ მე-8 სერიას ბევრი მიზეზის გამო ვერ ყიდიან.
პირველ რიგში ეს მარკეტინგული მხარდაჭერის ნაკლებობაა. ახალი მე-8 სერია რამდენიმე თვით ადრე წარადგინეს, ვიდრე BMW X7, რომელიც კომპანიისთვის ფლაგმანური ავტომობილის პოზიციას იკავებს. შესაბამისად პრიორიტეტი უფრო X7-ის გაყიდვებს ენიჭება. ამასობაში მე-8 სერიის არსებობას მომხმარებელი ნელ-ნელა ივიწყებს.
მეორე პრობლემა მოდელების და კომპლექტაციების რაოდენობაა. ჯერ კუპე წარადგინეს, რამდენიმე თვის შემდეგ კაბრიოლეტის ვერსია, ხოლო ერთი წლის დაგვიანებით ოთხკარიანი 8 Series Gran Coupe დაამატეს.

BMW წლის დასაწყისში მე-8 სერიისთვის ახალ სარეკლამო კამპანიას გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მათი გეგმები გადაიდო.
მე-8 სერიის BMW პატარა ნიშის მქონე ავტომობილია და დაბალი გაყიდვების ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კომპანია მის მარკეტინგულ მხარდაჭერაზე დიდძალ თანხებს გამოყოფს, განსაკუთრებით, როდესაც ბაზარზე მომხმარებელი უფრო დიდი ავტომობილების ყიდვაზეა ორიენტირებული, შესაბამისად ახალ X7-ს უკეთესი გაყიდვები ახაისათებს.
მე-8 სერიის საწყისი ფასი 87 900$-დან იწყება და სასურველი კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში ძალიან მარტივად ექვსნიშნა ციფრამდე იზრდება. ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაა და მომხმარებელი ბევრი ალტერნატივის წინაშე დგას. თითოეული მათგანის განხილვის და შეფასების შედეგად, ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი მე-8 სერიას იყიდის, უფრო და უფრო იკლებს.