მარია ტერეზა დე ფილიპისი: ფორმულა 1-ს პირველი ქალი პილოტი
„გინდა მამაცი მიწოდეთ, გინდაც უპასუხისმგებლო, ან თავქარიანი. მე უბრალოდ მომწონს სისწრაფე“, - მარია ტერეზა დე ფილიპისი.
1958 წელს მარია დე ფილიპისი გახდა პირველი ქალი, რომელიც ფორმულა 1-ში გამოჩნდა. მაშინ ის პირად Maserati 250F-ს მართავდა.
მარია ტერეზა დე ფილიპისი 1926 წლის 11 ნოემბერს იტალიაში, ნეაპოლში დაიბადა. 22 წლის ასაკში სარბოლო კარიერა დაიწყო, მას შემდეგ, რაც მის ძმები დაენაძლევდნენ, რომ სწრაფად სიარულს ვერ შეძლებდა. როგორც მიხვდით, ისინი შეცდნენ. მარიას პირველი რბოლა ტურინგ ავტომობილებით 10-კილომეტრიანი Salerno-Cava de ‘Tirreni იყო. ქალმა პილოტმა ამ რბოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ეს იყო მისი პირველი გამარჯვება, რამაც ავტოსპორტის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა. 750cc კატეგორიაში წარმატებას კიდევ რამდენჯერმე მიაღწია.
1953-1954 წლებში პესკარას 12 საათი, Rullo d’Oro და კიდევ რამდენიმე სხვა რბოლა მოიგო. 1955 წელს კი Maserati 2000 A6GCS-ს მართავდა. ამ ავტომობილით მან Catania-Etna რეკორდული დროით მოიგო და 200cc კლასში მეორე ადგილზე გავიდა.
„ვგრძნობდი, რომ ძლიერი ავტომობილით ყველაფრის გაკეთება შემეძლო და გავაკეთე კიდეც. საწყალი მანქანა! იმდენი ავარია იყო, მაგრამ - გამარჯვებებიც!“ - იხსენებდა მარია.
1958 წელს ის ფორმულა 1-ის გრან პრიზე, ბელგიაში გამოჩნდა, სადაც Maserati 250F-ს მართავდა. მარია ტერეზა გახდა პირველი ქალი, რომელმაც ფორმულა 1-ის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.
„ის გამოირჩეოდა იმ გარემოში, რომელიც მაშინ ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო. მან მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა და ტრასაზე ის თვისებები გამოავლინა, რითაც Maserati დღემდე ხელმძღვანელობს: სრულყოფილება, ელეგანტურობა, ძალა“, - წერია Maserati-ს სარვამარტო მილოცვაში. სიმამაცემ, ტექნიკურობამ და გამოწვევების სურვილმა მარია ტერეზა და Maserati საუკეთესო წყვილად აქცია.
ფორმულა 1-ში გამოსვლიდან მალევე ავტოსპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1959 წლის აგვისტოში ტრასაზე ახალგაზრდა პილოტი და მარიას მეგობარი ჟან ბერა გარდაიცვალა.
2006 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავისი გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა:
„ჩემი ბევრი მეგობარი თითქმის ერთდროულად დაიღუპა: ლუიჯი მუსო, პეტერ კოლინგსი, ალფონსო დე პორტაგო, მაიკ ჰოტორნი. შემდეგ ბერაც გარდაიცვალა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე ტრაგიკული რბოლა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. ტრეკებზე სიარული შევწყვიტე. შემდეგ წელს დავქორწინდი. ქალიშვილი მეყოლა და ოჯახი უფრო მნიშვნელოვანი გახდა“.
მარია ტერეზა დე ფილიპისი 2016 წელს გარდაიცვალა, თუმცა, ის დღემდე ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია და მაგალითია იმისა, რომ ავტოსპორტი მხოლოდ მამაკაცებისთვის არაა.