ფერსტაპენი Mercedes-ში გადადის? | ტოტო ვულფი ნიდერლანდელთან მოლაპარაკებებს ადასტურებს
ბოლო დღეებია, დასავლური გამოცემები, Formula 1-ის მოქმედი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის Mercedes-ის გუნდში შესაძლო გადასვლაზე წერენ. გამოცემების ინფორმაციით, გავრცელებულ ხმებს, რომ 2026 წლიდან ნიდერლანდელი პილოტი შესაძლოა Mercedes F1-ს შეუერთდეს, არც გუნდის ხელმძღვანელი, ტოტო ვულფი უარყოფს.
როგორც ცნობილია, ფესტაპენის გადაბირება ვულფმა ჯერ კიდევ გასულ წელს, გუნდიდან ლუის ჰამილტონის წასვლის შემდეგ სცადა. თუმცა მაშინ, არჩევანი ახალგაზრდა პილოტზე, კიმი ანტონელიზე შეჩერდა. წელს კი, Mercedes-ის ბოსი უკვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნიდერლანდელთან კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ განცხადება პირველად Mercedes-ის პილოტმა, ჯორჯ რასელმა, ავსტრალიის გრან-პრიზე გააკეთა. რასელის თქმით, კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო, რადგან გუნდი ამჟამად ფერსტაპენის გადაბირებაზე მუშაობს. ვულფის თქმით, Red Bull-ის პილოტთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ეს რასელთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესს არ აფერხებს.
„გუნდში ძალიან გამჭვირვალეები ვართ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ და რას ვგეგმავთ. ასე ვართ მას შემდეგ, რაც მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე“, - განაცხადა ვულფმა, ხოლო ფერსტაპენის შესახებ დასმულ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა:
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გვეკითხებიან: „როდის გსურთ გუნდში გაწევრიანება და რა პირობებია? ეს ასე არ მუშაობს. მე უბრალოდ დახურულ კარს მიღმა მინდა საუბარი და არა საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ ამჟამად გვყავს მრბოლელები, რომლებიც გუნდის მომავალ გეგმებს შესანიშნავად ერგებიან. ასე რომ, სიტუაცია ცოტა განსხვავებულია“.
ცნობისთვის, ფერსტაპენს Red Bull-თან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც მას გუნდის ვადაზე ადრე დატოვების საშუალებას აძლევს.