კანონები, შეზღუდვები
Aa
Aa

ირანში ავტომობილებით ძაღლების ტრანსპორტირება აიკრძალა

საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზეზით, ირანში, ძაღლის ყოლაზე შეზღუდვები გაფართოვდა. თავდაპირველი აკრძალვა, რომელიც 2019 წელს იქნა შემოღებული და დედაქალაქ თეირანში ძაღლების გასეირნებას კრძალავდა, ახლა უკვე ავტომობილებზეც გავრცელდება და დედაქალაქის გარდა სულ მცირე 18 სხვა ქალაქში დაინერგება.

შეზღუდვის გაფართოების გადაწყვეტილება მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღეს. ქვეყნის ოფიციალური პირების განმარტებით, „ძაღლების გასეირნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და კომფორტს“. წესების დამრღვევი პირების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სამართლებრივი ზომები შემუშავდება, მათ შორის: სატრანსპორტო საშუალებების დაყადაღება, შინაური ცხოველის ჩამორთმევა და დაპატიმრება.

ცნობისთვის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ძაღლების ყოლა მიუღებელ ქცევად ითვლება. ქვეყნის ხელისუფლება ძაღლებს „უწმინდურად“ და დასავლური კულტურული გავლენის მემკვიდრეობად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ირანში, ძაღლების მფლობელთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც ქვეყნის შემზღუდველი რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების ფორმად აღიქმება.

კონკრეტულად ძაღლის ფლობის აკრძალვაზე ირანში კანონმდებლობა არ არსებობს, თუმცა პროკურორები ხშირად აწესებენ ადგილობრივ შეზღუდვებს, რომლებსაც პოლიცია ახორციელებს. 2010 წელს ქვეყანაში შინაური ცხოველების ან მათთან დაკავშირებული პროდუქციის რეკლამაც აიკრძალა.

 

 

მსგავსი სიახლეები