Aa Aa
5 აპრილი 2021  |  12:42

DeLorean-ის რეპლიკა ფილმიდან „უკან მომავალში“ აუქციონზე იყიდება

ამ ავტომობილის აუქციონზე ნახვა ყოველთვის საინტერესოა.

DeLorean-ის რეპლიკა ფილმიდან „უკან მომავალში“ საქველმოქმედო აუქციონზე იყიდება. ამ ფილმის ვარსკვლავ მაიკლ ჯეი ფოქსს პარკინსონის დაავადება აქვს. ამ ავტომობილის გაყიდვით შემოსული თანხმა ფოქსის პარკინსონის კვლევის ფონდს გადაეცემა.

ეს ორიგინალი ავტომობილი არ არის, მაგრამ ის ნაწილი აქვს, რომელიც ფილმში დროში მოგზაურობისთვის მთავარი ელემენტია. აღწერაში ნათქვამია, რომ ავტომობილი დისტანციურად მართვის სისტემითაა აღჭურვილი.

გარდა იმ ნაწილებისა, რაც დროში მოგზაურობისთვისაა საჭირო, ავტომობილი მთლიანად ქარხნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას 2.8-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. გადაცემათა კოლოფი 3-სიჩქარიანი ავტომატურია.

DeLorean DMC-12 GM-ს ყოფილმა აღმასრულებელმა ჯონ დელორეანმა შექმნა. ავტომობილი ფინანსურად წამგებიანი აღმოჩნდა. თუმცა, ის ფილმის სუპერვარსკვლავი გახდა, რამაც მას უკვდავება მოუტანა.

სახალისო ფაქტია, რომ თავდაპირველად დროის მანქანა მაცივარი უნდა ყოფილიყო.

განახლებული DeLorean Motor Company ახალი ავტომობილების გამოშვებას გეგმავს. შესაბამისად, ახალ რეპლიკებს უნდა ველოდოთ.

აუქციონზე ეს ავტომობილი $500,000-ად არის შეფასებული. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს ფილმიდან ორიგინალი ავტომობილი $541,000-ად გაიყიდა. 

გაზიარება: