BYD-ის ახალი ელექტრო სატვირთო Tesla Semi-ს ყველა მონაცემით აღემატება
ჩინურმა ავტოგიგანტმა BYD-მა ჰანოვერში გამართულ გამოფენაზე IAA Transportation 2026 თავისი ახალი ფლაგმანური მძიმე ელექტრო სატვირთო, ETT 44 წარადგინა. ევროპული ბაზრისთვის სპეციალურად შექმნილი 44-ტონიანი სატვირთო პირდაპირი კონკურენტია ისეთი გიგანტებისა, როგორებიც Tesla Semi, Volvo FH Electric და Mercedes-Benz eActros 600 არიან.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ახალი ავტომობილი სპეციალურ 851-ვოლტიან ელექტრო პლატფორმაზეა აგებული და აღჭურვილია ბრენდის ცნობილი, ულტრა-უსაფრთხო Blade Battery ტექნოლოგიით. ETT 44-ის ელემენტის ტევადობა კოლოსალურ 651 კვტ/სთ-ს შეადგენს, ხოლო მისი ელექტროძრავები ჯამურად 1000 ცხენის ძალას გამომუშავებენ. ერთ სრულ დამუხტვაზე სატვირთოს 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ამასთანავე BYD-ი ელემენტზე უპრეცედენტო 10-წლიან ან 1.2 მილიონი კილომეტრის ქარხნულ გარანტიას იძლევა.

კომერციულ ტრანსპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რის გამოც BYD ETT 44 აღჭურვილია მეგავატიანი დამუხტვის სისტემით (MCS), რომელსაც 1.5 მეგავატამდე სიმძლავრის მიღება შეუძლია. ამ ტექნოლოგიის წყალობით ელემენტის 20%-დან 80%-მდე შევსებას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, რაც მძღოლს დამატებით 400 კილომეტრის სვლადობას სძენს და იდეალურად ჯდება მძღოლის სავალდებულო 45-წუთიან შესვენებაში.


სატვირთო იყენებს ევროპული ტიპის Cab-over დიზაინს მაღალი ჭერითა და კომფორტული საძინებელი ადგილით. ინტერიერში გვხვდება ციფრული ინსტრუმენტების დაფა, 12.8-დუიმიანი მულტიმედია ეკრანი, გვერდითი სარკეების შემცვლელი კამერების დისპლეები და უსაფრთხოების თანამედროვე ასისტენტები. როგორც ჩანს, ჩინური გიგანტი ევროპის კომერციულ ბაზარზე ლიდერობისთვის სერიოზულად ემზადება.