„ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა ხდება - მომხმარებლების დაახლოებით 95% ჩინეთიდან ახალ ავტომობილებს ითხოვს“ | Carmark-ი
საქართველოში ავტომობილების ბაზარზე ჩინეთის მიმართ მომხმარებლების ინტერესი იზრდება. როგორც Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბოლო პერიოდში კომპანიაში შესული ლიდების ძირითადი ნაწილი ჩინურ ავტომობილებზე მოდის.
მისი თქმით, ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნის დიდი ნაწილი ახალ ავტომობილებზე მოდის, განსაკუთრებით კი ჰიბრიდულ მოდელებზე.
 
„ჩინეთის შემთხვევაში, მომხმარებლების ალბათ 95% ახალ ავტომობილებს ითხოვს. ძირითადად მოთხოვნაა ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე. ინტერესი უფრო ცნობადი ჩინური ბრენდების მიმართ არის, მაგალითად, როგორიც არის BYD-ი, Zeekr-ი და ა.შ. უბრალოდ, Zeekr ძვირია, ამიტომ ნაკლებად გვაქვს მოლოდინი, რომ მისი გაყიდვები გაიზრდება. BYD-ს ყველანაირი სეგმენტი ჰყავს.
 
 
ელექტროავტომობილების მიმართ შედარებით ნაკლებად არის ინტერესი, უფრო ჰიბრიდები აინტერესებთ“, - ამბობს ირაკლი კუხიანიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
 
მისი შეფასებით, ჩინური ავტომობილების მიმართ მომხმარებლების დაინტერესების ზრდა ასევე დაკავშირებულია იმასთან, რომ აშშ-იდან ავტომობილების იმპორტი გაძვირდა, ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე ასაკობრივი შეზღუდვებისა და გაზრდილი აქციზის გამო მომხმარებლებისთვის ძველი ავტომობილების ჩამოყვანაც ნაკლებად მიმზიდველი გახდა.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, ამ პირობებში ავტომობილების ბაზრისთვის ჩინეთის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა ხდება.