ჰიბრიდი, საავტომობილო ბაზარი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

მეტი ჰიბრიდი, ჩინური ავტომობილების გარეშე | როგორია საავტომობილო ბაზრის პროგნოზი 2030 წლისთვის?

ამერიკის შეერთებული შტატების ავტობაზარზე მომდევნო წლებში ჰიბრიდული ავტომობილების წილი მკვეთრად გაიზრდება, თუმცა სულ მცირე 2030 წლამდე, ჩინური ავტომობილების ქვეყანაში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ CNBC ავტოინდუსტრიის ანალიტიკოს ჯონ მერფის უახლოეს პროგნოზებზე დაყრდნობით წერს.

მერფის შეფასებით, აშშ-ის ბაზარზე ჩინური ავტომობილების ფართომასშტაბიანი შესვლისთვის უახლოეს წლებში ხელსაყრელი პირობები არ არსებობს. მისივე თქმით, ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან ჩინური კომპანიებისთვის ბაზრის გახსნისთვის მზადყოფნა ძალიან დაბალია, რადგან ეს შესაძლოა ადგილობრივ მწარმოებლებზე და აშშ-ის შიდა ავტოწარმოებაზე აისახოს.

„მიმაჩნია, რომ ჩინური კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზარზე შეუზღუდავი წვდომის მიცემა დამანგრეველი იქნება მაშინაც კი, თუ ისინი ავტომობილებს ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ“, — განაცხადა მერფიმ CNBC-სთან საუბრისას.

ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკით, ჩინეთში წარმოებული ავტომობილების აშშ-ში იმპორტისთვის 100%-იანი ტარიფებია დაწესებული. შედეგად, ჩინური ავტომწარმოებლებისთვის ხარჯები იმდენად მაღალია, რომ აშშ-ის ბაზარი მათთვის ფაქტობრივად ჩაკეტილია.

ამასთან, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა მომდევნო წლიდან ქვეყანაში ისეთი ავტომობილების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვა დააანონსა, რომლებიც ჩინური კომპანიების მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ეხება ისეთ ჩინურ თანამედროვე ავტომობილებს, რომლებიც კამერებსა და სენსორებს იყენებენ აშშ-ისთვის სენსიტიური მონაცემების შესაგროვებლად.

ამერიკული ბაზრიდან გაქრობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ეს ხუთი ბრენდია:

მერფის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში აშშ-ის ბაზრიდან შესაძლოა 5-დან 10-მდე საავტომობილო ბრენდიც გაქრეს. ამჟამად ქვეყანაში ავტომობილების 38 სხვადასხვა ბრენდი იყიდება. მისი შეფასებით, ავტოინდუსტრია იმდენად ცვალებადი გარემოა, რომ ბაზრის დატოვების რისკისგან არცერთი ბრენდი არაა დაზღვეული. თუმცა მათი ნაწილი სხვებზე უფრო მოწყვლადია.

მერფის მიერ მომზადებულ კვლევაში, აშშ-ის ბაზრიდან გაქრობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ხუთ ბრენდს შორის დასახელებულნი არიან: Polestar-ი, Maserati, Alfa Romeo, Jaguar-ი და Fiat-ი.

მათ შორის კი, ანალიტიკოსის პროგნოზით, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში Polestar-ია. კომერციის დეპარტამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვით, Geely-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდი 2027 წლიდან აშშ-ში ახალი ავტომობილების გაყიდვას ვეღარ შეძლებს.

რაც შეეხება ჰიბრიდებს:

მერფის პროგნოზით, 2030 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო ბაზრის მესამედს ჰიბრიდები დაიკავებენ. ანალიტიკოსის შეფასებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბენზინსა და ელექტროძრავის კომბინაციის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა იმდენად გაიზრდება, რომ 2030 წლისთვის ისინი აშშ-ის ახალი ავტომობილების ბაზრის დაახლოებით 34%-ს დაიკავებენ.

ჰიბრიდების მზარდი პოპულარობა გაყიდვებშიც აისახება. J.D. Power-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაყიდული ახალი ავტომობილების 18%-ზე მეტი ჰიბრიდი იყო.

ელექტრომობილების ზრდა კი, მერფის შეფასებით, შედარებით ზომიერი იქნება, ყოველ შემთხვევაში, 2030 წლამდე. აღნიშნულს კი ის უმეტესად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ შეცვლილ კურსს უკავშირებს. მათ შორის ელექტრომობილებზე შეღავათების მოხსნას, რაც პოტენციური მყიდველების მხრიდან ინტერესის კლებაშიც აისახა.

ასევე დაგაინტერესებთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ

შედეგად კი ავტომწარმოებლებმა თავიანთი ამბიციური გეგმებიც — ელექტრიფიკაციის დაჩქარებაზე — შეარბილეს. მერფის პროგნოზით, ელექტრომობილების მიმართულებით კურსის ცვლილება 2026-2028 წლებში ახალი მოდელების გამოშვების შემცირებასაც გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები