აშშ-ის ადმინისტრაცია ჩინურ ავტომწარმოებლებს ქვეყანაში ქარხნების აშენებას სთავაზობს
აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ქვეყანაში ჩინური ავტომწარმოებლების შესვლას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით — მათგან ამერიკაში ქარხნების აშენებასა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას მოითხოვს. თუმცა თეთრი სახლის ლიდერის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება დეტროიტის მსხვილი ავტომწარმოებლების მიდგომისგან, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობას ჩინური ავტომწარმოებლებისთვის ამერიკული ბაზრის სამუდამოდ ჩაკეტვისკენ მოუწოდებენ.

„თუ ჩინეთს ამერიკული ბაზარი სურს, შემოვიდეს და აქ ქარხანა გახსნას, თავიანთი ავტომობილები აქ აწარმოოს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები“, — განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა Fox News-თან განცხადებაში.
მილიარდერმა ჩინური ავტომწარმოებლების შესაძლო ინვესტიცია აშშ-ში იაპონურ კომპანიებს შეადარა. მისივე განცხადებით, იაპონურმა ავტომწარმოებლებმა წლების განმავლობაში აშშ-ში ქარხნები ააშენეს და ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია.

თეთრი სახლის მმართველის შეფასებითვე, მთავარი პრობლემა ის იქნება, თუ ჩინური კომპანიები წარმოებას მექსიკაში განათავსებენ და იქ დამზადებულ ავტომობილებს აშშ-ში შეიტანენ. „მე არ ვაკრიტიკებ ჩინურ ავტომობილებს“, — თქვა მილიარდერმა და დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია ჩინური ავტომობილების ამერიკის ბაზარზე მოხვედრა, თუ ისინი სხვა ქვეყნებიდან შემოდიან. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ ჩინურ კომპანიებს აშშ-ში წარმოების შექმნა შეუძლიათ.

დეტროიტი კი საპირისპიროს ითხოვს: ამერიკაში მოქმედი ავტომწარმოებლების უმრავლესობის წარმომადგენელმა, Alliance for Automotive Innovation-მა, ქვეყნის ოფიციალურ პირებს უკვე მიმართა და მათგან ჩინეთთან დაკავშირებული ავტომობილების, ასევე მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის, იმპორტისა და წარმოების მუდმივი აკრძალვა მოითხოვა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებით, ჩინეთის სუბსიდიებით გაძლიერებული ავტოინდუსტრია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე ეროვნული უსაფრთხოების მხრივ, რისკის შემცველია. შეშფოთება მხოლოდ ჩინური ავტომწარმოებლების დაბალ ფასებს არ შეეხება. საუბარია ჩინურ თანამედროვე ავტომობილებზე, რომლებიც კამერებსა და სენსორებს იყენებენ აშშ-ისთვის სენსიტიური მონაცემების შესაგროვებლად.