როგორ შევარჩიოთ იდეალური საოჯახო ავტომობილი
საოჯახო ავტომობილის შეძენის პროცესი სრულიად განსხვავდება იმისგან, როცა ავტომობილს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ყიდულობთ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სავარძლების რაოდენობით დაწყებული, უსაფრთხოების სისტემებით დასრულებული. სხვა დროს ალბათ ყურადღებას სხვა საკითხებზე, მაგალითად, სისწრაფეზე, სპორტულობასა და მსგავს დეტალებზე გაამახვილებდით, მაგრამ სულ სხვაა, როცა საქმე ოჯახის უსაფრთხოებას ეხება!

როგორი უნდა იყოს იდეალური საოჯახო ავტომობილი?
არ ხართ დარწმუნებული, საიდან დაიწყოთ საოჯახო ავტომობილის ძებნა? ეს იმ კრიტერიუმების სიაა, რომლებითაც საოჯახო ავტომობილი უნდა შეაფასოთ:
- სანდო
- ეკონომიური
- დიდი სივრცე
- უსაფრთხოების კარგი რეიტინგი
- ხარისხიანი კონსტრუქცია
- ხელმისაწვდომი ფასი
- პრაქტიკულობა
უსაფრთხოება
უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა საქმე საოჯახო ავტომობილს ეხება. თანამედროვე ავტომობილები საჭიროზე მეტი უსაფრთხოების ფუნქცითაა აღჭურვილი, ამიტომ საჭირო ავტომობილის პოვნა არ უნდა გაგიჭირდეთ.
ყველაზე მარტივი გზა ავტომობილის შეფასების Euro NCAP-ზე შემოწმებაა. ეს ევროპული ტესტია, რომელიც ავტომობილის უსაფრთხოებას 0-5 ქულით აფასებს.
საოჯახო ავტომობილისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ Euro NCAP-ის ტესტებში საუკეთესო - 5-ქულიანი შეფასება ჰქონდეს.

ფუნქციურობა
საოჯახო ავტომობილის სავარძლების რაოდენობა და სალონში სივრცე მნიშვნელოვანი ასპექტია. თუმცა, გარდა ამისა, თანამედროვე ფუნქციებიც მნიშვნელოვანია.
მაგალითად, საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც მობილურ ტელეფონს დაუკავშირდება, ინტერნეტი და ა.შ. ეს ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობას უფრო სახალისოდ აქცევს.
პრაქტიკულობა - გამძლეობა და ადვილად გაწმენდის შესაძლებლობა
როცა საქმე ბავშვებს ეხება, სალონში ლაქები ჩვეულებრივი ამბავია. თუ შინაური ცხოველი გყავთ, მაშინ ბეწვებსაც უნდა უფრთხილდეთ. ამიტომ თქვენს ავტომობილში სავარძლის საფარი და ინტერიერის სხვა ნაწილები გამძლე და ამტანი უნდა იყოს. ზედაპირში ჭუჭყი არ უნდა ჩაჯდეს.
ასეთი ხარისხის სალონის პოვნა იაფად გაგიჭირდებათ, თუმცა, თუ ცოტათი მეტის გადახდისთვის მზად ხართ, მაშინ ამაში თანხა არ უნდა დაიშუროთ. ტყავის სალონი ლაქების და წყლის მიმართ უფრო გამძლეა, ისევე, როგორც ზოგიერთი პლასტმასი ნაკლებად იკაწრება. ამიტომ, სწორი მატერიალის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში კი მთავარია, სალონი ადვილად იწმინდებოდეს.

სავარძლები
სავარძლების რაოდენობის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. იფიქრეთ მომავალზეც. რამდენად აპირებთ თქვენი ოჯახის გაფართოებას? თუ მომავალში შვილების ყოლას კიდევ აპირებთ, მაშინ ავტომობილში მეტი ადგილი დაგჭირდებათ. იფიქრეთ არა მხოლოდ აწმყოზე და მის საჭიროებებზე, არამედ მომავალზეც.
თუ დიდი სივრცე გჭირდებათ, მაშინ სუვი, ან უნივერსალი, 6- ან 7-ადგილიანი კონფიგურაციით საუკეთესო არჩევანია. ბევრ სუვს დაკეცვადი სავარძლები აქვს, რაც საბარგულის მხრივაც მოსახერხებელია.
სივრცე
საოჯახო ავტომობილი ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ დიდი სივრცეა საჭირო. დიდი ზომის ძაღლი, ველოსიპედი, მაღაზიის ჩანთები, სამოგზაურო ჩანთები... იქ ყველაფერი უნდა ჩაეტიოს.
საოჯახო ავტომობილისთვის საბარგულის მინიმალური მოცულობა 300 ლიტრი უნდა იყოს. აქ სუვების დასაკეცი სავარძლები ისევ მომგებიანია. საჭიროების შემთხვევაში დაკეცილი სავარძლები ბარგისთვის უფრო დიდ სივრცეს გვთავაზობს.

სანდოობა
როცა ოჯახთან ერთად სადმე მიდიხართ, მოულოდნელად ავტომობილის გაფუჭება ორმაგად სტრესულია. ავტომობილის სანდოობა საოჯახო ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, მაშინ სჯობს, რაც შეიძლება ახალი ავტომობილი შეიძინოთ. ავტომობილი ნაკლები გარბენით და ცვეთით კარგი იქნება, თუმცა, საუკეთესო ვარიანტი ისეთი ავტომობილის შეძენაა, რომელსაც გარანტია ჯერ კიდევ აქვს.
ეკონომიურობა
ოჯახში ბევრი სხვადასხვა ხარჯია: კომუნალური გადასახადები, სწავლის გადასახადი, დაზღვევა, ტელევიზია და ა.შ. ავტომობილის ეკონომიურობა ოჯახის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
საოჯახო ავტომობილი კარგი ეკონომიურობით, 100კმ-ზე საშუალოდ 5 ლიტრს უნდა მოიხმარდეს.

რომელია საუკეთესო საოჯახო ავტომობილი?
მაინც ვერ გადაწყვიტეთ, რომელ ავტომობილებზე გაამახვილოთ თქვენი ყურადღება? მაშინ რამდენიმეს ჩვენ ჩამოგითვლით:
- Volkswagen Golf
- Opel Astra
- Citroen C3
- Hyundai Tucson
- Ford Focus
- BMW 3 Series
- Skoda Karoq
- Volvo XC40
- Peugeot 3008
- Mercedes A-class.
რა თქმა უნდა, რომელ ავტომობილს აირჩევთ, ეს უკვე თვქენზეა დამოკიდებული. ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები კი სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.