Aa Aa
30 მარტი 2020  |  19:50

ისტორიული დაპირისპირება: Ferrari 488 Pista VS Porsche GT3 RS

სპორტული ავტომობილების „პორშეს“ და „ფერარის“ ლეგენდარული დაპირისპირება კვლავ აღორძინდა, როდესაც 2019 წლის დასაწყისში კომპანიებმა ახალი Ferrari 488 Pista და განახლებული Porsche 911 GT3 RS თითქმის ერთდროულად წარადგინეს, რაც ჩვენი შედარების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ორივე ავტომობილი, კომპანიების სხვა მოდელებთან შედარებით, ტრეკზე სასიარულოდ არის მორგებული. ორივე ავტომობილი ინჟინრული მიღწევებით სავსეა. Porsche 911 GT3 RS-მა 2019 წელს განახლებები მიიღო, რის შედეგადაც მისი სარბოლო ხასიათი უფრო გამოიკვეთა. კონკრეტულად რა შეიცვალა ახალ 911-ში, ამას მოგვიანებით გეტყვით. უფრო საინტერესოა Ferrari 488 Pista.

თუ „პორშეს“ შემთხვევაში 2018 წლის და 2019 წლის მოდელებს შორის განსხვავებების საპოვნელად გამადიდებელი შუშა დაგჭირდებათ, „ფერარიში“ ეს სხვაობები ცალსახაა, უფრო მეტიც, იმდენად განსხვავებულია, რომ სტანდარტულ 488 მოდელთან მხოლოდ ძარის ფორმით ჰგავს, დანარჩენი ყველაფერი ახალი აქვს.

რადგან ორივე ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მათ ახალ ფლაგმანურ სუპერქარებს მეტი სარბოლო პოტენციალი აქვს, დღევანდელ ტესტში გაიგებთ, ისინი ერთმანეთს რამდენად შეეფერებიან.

დიზაინი

როგორც წესი, დიზაინს ჩვენ არ ვეხებით, გემოვნება ინდივიდუალურია, მაგრამ დიზაინში ისახება ის, რაც ამ ავტომობილების დანიშნულებაზე მეტყველებს, ამიტომ მას გვერდს ვერ ავუვლით.

იტალიელები ყოველთვის ექსტრავაგანტული, თვალწარმტაცი დიზაინით გამოირჩეოდნენ. პრობლემა ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში ესთეტიკური სილამაზე და ფუნქციონალური დატვირთვა ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ, მაგრამ Ferrari 488 Pista გამონაკლისია.

დიზაინერებსა და აეროდინამიკის სპეციალისტების თანამშრომლობით 488 „პისტას“ ძარის განახლებულ ელემენტებს შორის Ferrari 488 GTE-ს სარბოლო ბოლიდის წინა სპლიტერი და უკანა დიფუზორი დაემატა, რომელიც წლების განმავლობაში სარბოლო ასპარეზზეა გამოცდილი.

აეროდინამიკური ელემენტები, სტანდარტულ 488-სთან შედარებით, 20%-ით მეტ ჰაერის დაწოლას განაპირობებს, რაც ავგტომობილის მოქნილობასა და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურ სიარულზე დადებითად აისახება.

როგორც უკვე ვახსენეთ, „პორშეს“ 911 (991) მოდელის განახლებები უფრო სიღრმისეულია, თუმცაღა ძარის ახალი ელემენტებიც აქვს, როგორებიცაა ძრავის ხუფში დამატებული ჰაერის ჭრილები, „GT3 RS”-ის სტიკერები კარებებსა და გაძლიერებული კარბონის უკანა ფრთაზე, მაგნეზიუმის სახურავი და უკან შუშის შემცვლელი პოლიკარბონატის შუშებია.

წონა

Ferrari 488 GTB-სთან შედარებით, „პისტა“ 90 კილოგრამით უფრო მსუბუქია და მისი ჯამური წონა 1385კგ-ს შეადგენს, რაც Weissach Package-ის მქონე დამსუბუქებული „პორშეს“ 1430 კგ-ზე აშკარად ნაკლებია, მიუხედავად გერმანელი ინჟინრების მცდელობებისა და მსუბუქი მაგნეზიუმის დისკებისა.

ძრავები

როდესაც საქმე ციფრებს ეხება, „ფერარი“ უდაოდ ყველა მონაცემში „პორშეს“ უგებს, მაგრამ ფურცელზე დაწერილი მონაცემები სხვაა, რეალობა სხვაა და მონაცემებზე მეტად ავტომობილების მართვა და ქცევა არის საყურადღებო.

დავიწყოთ იმით, რომ „პისტას“ ყველაზე მძლავრი V8 ძრავა აქვს, რომელიც „ფერარის“ ოდესმე შეუქმნია. მას 711 ც.ძ., 770 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს და ბრუნის მაქსიმალური მაჩვენებელი 8 000-ს ცდება. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად მომატებული ცხენის ძალების, მათ ე.წ. „ტურბო ლაგი“ მინიმუმამდე დაიყვანეს და გადამუშავებულ ძრავას „ფერარისთვის“  დამახასიათებელი ჟღერადობა აქვს.

„პისტას“ შემცირებულ წონაში თავისი წვლილი ძრავამ შეიტანა. იმავე 3,9 ლ მოცულობის ძრავა ახალი გამონაბოლქვის სისტემით, მსუბუქი მუხლალილვით, მსუბუქი მქნევარითა და კარბონისგან დამზადებულ ჰაერის შემშვები სისტემით არის აღჭურვილი.

შუაძრავიანი ავტომობილები თავისი მოქნილობით ისედაც გამოირჩევიან, მაგრამ დამსუბუქებული ძრავა წონის უკეთეს გადანაწილებას და თვლებს შორის მეტად თანაბარ დატვირთვას უზრუნველჰყოფს.

 „პისტასთან“ შედარებით 911 GT3 RS-ი ძალიან სუსტი შეიძლება მოგეჩვენოთ. „პორშეს“ ძრავას 2-ით ნაკლები ცილინდრი აქვს და 200-ით ნალკებ ცხენისძალას აწარმოებს, რაც ავტომობილის 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებაზე ეტყობა.

მაგრამ „პორშეს“ 6-ცილიდნრიან 4-ლიტრიან 513 ცხენისძალიან ოპოზიტურ ძრავას ორი თვისება აქვს, რაც 488 Pista-სგან რადიკალურად ასხვავებს: ძრავა ატმოსფერულია და „პორშეს“ GT3 კლასის სარბოლო ბოლიდისგანაა აღებული. ამის გამო ძრავა მაქსიმალურ 9000 ბრუნს წუთში აღწევს და აქსელერატორის საფეხურზე დაწოლისა და ძრავის რეაგირების შორის წამის მეათასედის შეყოვნებაც კი არაა. 

გადაცემათა კოლოფი

ამ თაობის 911 GT3 RS-ი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი არ იქნება. შესაბამისად ორივე ავტომობილში მხოლოდ 7-სიჩქარიანი ორგადაბმულობიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებია ხელმისაწვდომი, რომელიც თითოეულ მანქანაზე ინდივიდუალურად არის მორგებული.

თუ მაინცდამაინც „პორშეს“ ამ ძრავის და მექანიკური გადაცემათა კოლოფის კომბინაცია გინდათ, მაშინ 2016 წლის Porsche 911 R-ი თქვენთვისაა განკუთვნილი, თუმცა 9000 ბრუნ წუთამდე ძრავას ვერ აამუშავებთ და მისი ფასი 300 000 ევროდან იწყება, რაც ორ ახალ 911 GT3 RS-ს უდრის. 

აჩქარება

ფერარი აცხადებს, რომ 0-100 კმ/სთ-ს 488 „პისტა“ „ლა ფერარიზე“ უფრო სწრაფად ავითარებს და მხოლოდ 2,85 წამს საჭიროებს. წამის 5 მეასედი უზარმაზარი სხვაობაა, თუ „ლა ფერარის“ ფასს გავითვალისწინებთ, რომელიც „პისტაზე“ 6-ჯერ ძვირია. 911 GT3 RS-ი 0-დან 100-მდე 3,2 წამში აღწევს, რაც ცხენისძალის ნაკლებობით არის განპირობებული, მაგრამ, რომ არა „პორშეს“ ორგადაბმულობიანი ტრანსმისია, „პისტასთან“ აჩქარებაში სხვაობა მეტი იქნებოდა.

„ფერარის“ მაქსიმალური სიჩქარე 339 კმ/სთ-ია, მაშინ როდესაც „პორშეს“ მხოლოდ 311 კმ/სთ-ში აქვს. ეს არც უნდა გიკვირდეთ, რადგან „პორშეს“ დიდი უკანა ფრთა ჰაერის დიდ ზეწოლას აწარმოებს და მანქანას მეტი აჩქარების საშუალებას არ აძლევს. სამაგიეროდ სწორხაზოვანი სიარულის მინუსი, მოსახვევებში ძალიან დიდ პლიუსად გარდაისახება და ავტომობილის სწორ მონაკვეთებზე სიჩქარის ნაკლებობას მოსახვევის უფრო მაღალი სიჩქარით დაძლევით ანაზღაურებს.

ამ ორი ბოლიდის ტრეკზე სიარული ძალიან საინტერესო სანახობა იქნება. ნეტავ ვინ გაიმარჯვებს? 

ფასი

 „პორშეს“ ფასი დაახლოებით 155 000 ევროდან, ხოლო „ფერარის“ 265 000 ევროდან იწყება, რაც უფრო 911 GT2 RS-ის ფასისკენ ახლოსაა. ფასის და ძრავების სტრუქტურის მსგავსების მიუხედავად, „პისტა“ და GT2 RS-ის შედარება ძალიან არათანაბარი იქნებოდა და „პორშე“ „ფერარის“ მოგების შანს არ დაუტოვებდა.
სარბოლო პოტენციალის კუთხით GT3 RS და „პისტა“ უფრო ახლოს დგანან, ამიტომ სხვა დანარჩენი დეტალი უკვე მეორეხარისხოვანია.

დასკვნა

Ferrari 488 Pista საერთო ჯამში „პორშესთან“ შედარებით ნაკლებად სერიოზულია და ტრეკზე უფრო მეტ შეცდომას გპატიობს, უფრო გასართობია, ვიდრე მისი კონკურენტები

სამაგიეროდ, „პორშეს“ ნახვა თბილისშიც კი დიდ გაკვირვებას არ გამოიწვევს, მხოლოდ ავტოენთუზიასტებს თუ შეშურდებათ, ხოლო Ferrari 488 Pista ყველას ყურადღების ცენტრში მოიქცევა.

ამ ორ ავტომობილს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არჩევნის გაკეთების დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. უფრო რა გსურთ: ტრეკზე სიარული და თქვენი და ავტომობილის შესაძლებლობების ზღვრების პოვნა, თუ იმავე ტრეკზე მაყურებელთა ყურადღების მიქცევა?

არჩევანი თქვენზეა.

 

გაზიარება: