აშშ-ში სიჩქარის გადაჭარბებას უფრო მეტი მწვანე შუქით ებრძვიან...
გზებზე სიჩქარის გადაჭარბებასთან საბრძოლველად ქალაქების დაგეგმარების სპეციალისტებმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს. ტრადიციული "მწვანე ტალღისგან" განსხვავებით, სადაც შუქნიშნები გარკვეულ სიჩქარეზეა სინქრონიზებული, ახალ სისტემას Rest in Red ჰქვია. ეს მეთოდი მძღოლებს აიძულებს, დაიცვან დაწესებული ლიმიტი, თუ სურთ, რომ გზად ყველა შუქნიშანი მწვანედ დახვდეთ.
ასევე იხილეთ: რა იწვევს საცობებს და არსებობს თუ არა გამოსავალი?
სისტემის პრინციპი მარტივია: წარმოიდგინეთ, რომ შუქნიშანი წითელია — როდესაც ავტომობილი მას უახლოვდება, სენსორი ირთვება. თუ მძღოლი მოძრაობის ნებადართულ სიჩქარეს იცავს, შუქნიშანი ზუსტად იმ მომენტში ინთება მწვანედ, როცა ის გზაჯვარედინს უახლოვდება. ხოლო თუ ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს, ის წითელზე გაჩერებას ვერ ასწრებს და იძულებულია, სრულად დამუხრუჭდეს.
შედეგად, მძღოლები სწრაფად ხვდებიან კანონზომიერებას — წესების დაცვის შემთხვევაში მათ უწყვეტი მწვანე შუქი ელით, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებისას ყოველ გზაჯვარედინზე შეყოვნება და დამუხრუჭება მოუწევთ. ალბუკერკის მუნიციპალური განვითარების დირექტორის თქმით, მძღოლები ამ რიტმს ძალიან სწრაფად ეგუებიან და აცნობიერებენ, რომ სიჩქარის გადაჭარბებით დროს კი არ იგებენ, არამედ პირიქით — უფრო ხშირად უწევთ წითელზე დგომა.

ექსპერიმენტმა უკვე გამოიღო შთამბეჭდავი შედეგები — პორტლენდში საშუალო სიჩქარე საათში 63 კმ/სთ-დან 48 კმ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინაში საპილოტე პროექტის ფარგლებში ავარიების საერთო რაოდენობა 43%-ით შემცირდა.
სისტემა განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ისეთ გზებზე, რომლებიც დღისით გადატვირთულია, ხოლო ღამით ცარიელი — სწორედ ასეთ მონაკვეთებზე იმატებს ხოლმე სიჩქარის გადაჭარბების რისკი. მსგავსი ტესტები წარმატებით ჩატარდა კოლორადოსა და კალიფორნიის სხვადასხვა ქალაქშიც. მიუხედავად ამისა, საკითხავია, როგორ იმუშავებდა ეს თბილისის ქუჩებში, სადაც, როგორც წესი, მწვანეზე დგომაც ხშირად გვიწევს...