რა არის და როგორ მუშაობს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი?
Aa
Aa

რა არის და როგორ მუშაობს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი?

უსაფრთხოების სისტემების რიცხვი დღითი დღე იზრდება და ავტომობილით მგზავრობაც სულ უფრო უსაფრთხო ხდება. სისტემები თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს და მათი ფუნქციების გარჩევა არც თუ ისე ადვილია. 

ავიღოთ მაგალითად კრუიზ კონტროლი. დღეს ეს ფუნქცია თითქმის ყველა ავტომობილს აქვს. მაგრამ რა არის ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, როგორ მუშაობს და ღირს თუ არა მასში დამატებითი თანხის გადახდა? ამ სტატიაში ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხებთ.

როგორ მუშაობს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი?

კრუიზ კონტროლი საშუალებას გვაძლევს ავტომატურად შევინარჩუნოთ სასურველი სიჩქარე, ცოტათი მოვდუნდეთ და აქსელერატორი ნაკლებად გამოვიყენოთ. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო შორს წავიდა. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს სასურველი სიჩქარე და წინა ავტომობილთან დისტანცია შეარჩიოს, რომელსაც სისტემით სარგებლობისას ავტომობილი შეინარჩუნებს. თუ წინა ავტომობილი შეანელებს, თქვენი ავტომობილიც ავტომატურად შეანელებს და ისევ იმავე დისტანციას შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში თავიდან აჩქარდება. ყველაზე დახვეწილი სისტემები ნავიგაციასთან და კამერებთანაა ინტეგრირებული.

როგორც უსაფრთხოების სისტემების დიდ ნაწილს, ამ სისტემესაც აქვს თავისი შეზღუდვები. ჩვეულებრივი კრუიზ კონტროლის სისტემის მსგავსად, ადაპტირებადით სარგებლობის დროსაც საჭეზე კონტროლის შენარჩუნება აუცილებელია და საჭიროების შემთხვევაში მუხრუჭის გამოყენებაც. გზაზე წარმოქმნილი მოულოდნელი დაბრკოლებებისგან თავის არიდებაც მძღოლზეა დამოკიდებული.

როგორ ამარტივებს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი მგზავრობას?

ყველაზე მარტივი სისტემა უბრალოდ აქსელერატორის გამოყენების სტრესს ამცირებს. უფრო დახვეწილ სისტემებს შეჩერების და თავიდან დაძვრის ფუნქციაც აქვს. ამას სხვაგვარად „საცობში მოძრაობის დამხმარე სისტემასაც უწოდებენ“. ამგვარად, ავტომობილი საცობში დაბალ სიჩქარეზე მოძრაობას აგრძელებს, საჭიროების დროს ამუხრუჭებს და ისევ თავიდან ძრავს. თუმცა, შეჩერების შემდეგ, რამდენიმე წამში ბევრი სხვა სისტემა მუშაობას წყვეტს და მათი თავიდან გააქტიურებაა საჭირო. ამისთვის გაგრძელების ღილაკის ან აქსელერატორის გამოყენებაა საჭირო. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი მძღოლის დამხმარე სხვა სისტემებთან ერთად მუშაობს. მაგალითად, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემასთან, წინა შეჯახებაზე გაფრთხილების, ქვეითის შემჩნევისა და ავტომატური დამუხრუჭების სისტემებთან ერთად. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი განსაკუთრებით სასარგებლოა ნახევრად ავტონომურად მართვადი ავტომობილების შემთხვევაში. ზოლების ცენტრში დარჩენის სისტემის არსებობის შემთხვევაში კრუიზ კონტროლი უხეშ მოძრაობებს ერიდება. თუ ავტომობილს სხვა ზოლში გადასვლის დამხმარე სისტემაც აქვს, მაშინ ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის სენსორები, მოხვევის სიგნალის ჩართვის შემდეგ, ამოწმებს შესაძლებელია თუ არა უსაფრთხოდ ზოლის შეცვლა და მანევრს აკეთებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ კრუიზ კონტროლიანი ავტომობილის შერჩევისას?

  • შეამოწმეთ აქვს თუ არა კრუიზ კონტროლს შეჩერებისა და თავიდან დაძვრის ფუნქცია. ეს საცობში ძალიან დაგეხმარებათ.
  • დააკვირდით, რამდენად რბილად ჩქარდება და ნელდება ავტომობილი, როცა წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანციის შენარჩუნებას ცდილობს.
  • დააკვირდით, როგორ იქცევა სისტემა, როცა ვიღაც თქვენს გასწრებას გვერდის ავლით ცდილობს.
  • ნამდვილად გსურთ ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი? იქნებ უბრალოდ კრუიზ კონტროლით დაკმაყოფილდეთ? მართვის ზოგიერთ პირობებში ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი შესაძლოა არაკომფორტულიც იყოს.

რომელ ავტომწარმოებლებს აქვთ კრუიზ კონტროლის კარგი სისტემები?

ყველა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი არ ღირს გამოცდად.

Subaru, BMW, Honda, Nissan-ი, Hyundai, Kia და Ford-ი სრულყოფილ სისტემებს გვთავაზობს. მათი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი რბილად მუშაობს, მაშინაც კი თუ შეჩერებისა და დაძვრის ფუნქციის გამოყენება ხშირად უწევს.

ღირს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის გამოყენება?

თუ თქვენ შორი მანძილის გავლა ხშირად გიწევთ და ტექნიკასთან ნდობის პრობლემებიც არ გაქვთ, მაშინ ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი კარგი დანამატია. ის თქვენთვის ავტომობილის მართვას გაამარტივებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაღლილი ხართ. მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ავტომობილის ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი ხისტად მუშაობს და საჭიროზე მეტ დისტანციას იცავს, მაშინ შესაძლოა მან ცხოვრება გაგირთულოთ.

მსგავსი სიახლეები