Nissan-ის ინვესტორების ნაწილი ხელმძღვანელის პოზიციაზე ძებნილი კარლოს გონის დაბრუნებას ითხოვს
ყველას გვაქვს კარგი და ცუდი დღეები, თუმცა თქვენს ყველაზე ცუდ დღესაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ სამსახურიდან გაგდება დაგიანონსოთ და ჩამნაცვლებლად საერთაშორისო ძებნილის კანდიდატურა წამოაყენოს. სწორედ ასეთი დღე ჰქონდა Nissan-ის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს, ივან ესპინოზას, იოკოჰამაში გამართულ აქციონერთა 127-ე ყოველწლიურ კრებაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალბათ მასაც გაუელვა აზრმა, ხომ არ ჯობდა მუსიკალური ინსტრუმენტის დიდ ყუთში ჩამალულიყო და ხალხმრავლობას ასე გაჰქცეოდა.
ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?
საავტომობილო ინდუსტრიის ყოველწლიური შეხვედრები, როგორც წესი, საკმაოდ მოსაწყენი, მშრალი ფინანსური ტერმინოლოგიითა და წინასწარ შეთანხმებული კენჭისყრებით გაჯერებული პროცესია. თუმცა, Nissan-ს ბოლო წლებში იმდენად მძიმე პერიოდი უდგას, რომ ინვესტორებმა მოთმინება საბოლოოდ დაკარგეს.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ ესპინოზა სიტყვით გამოვიდოდა, ერთ-ერთმა აქციონერმა მოქმედი დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადებაც კი მოითხოვა. თუმცა, ნამდვილი კულმინაცია მაშინ დადგა, როდესაც დარბაზიდან პირდაპირი მოწოდება გაისმა: კომპანიის დირექტორთა საბჭოს Nissan-ის სკანდალური ყოფილი ბოსი — კარლოს გონი უნდა დაუბრუნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გონი რამდენიმე წლის წინ იაპონიიდან სასწაულებრივად გაიქცა და ქვეყანაში დღემდე ძებნილ კრიმინალად ითვლება, მისი საბჭოს სხდომებზე გამოჩენა იმაზე მეტად უხერხული იქნებოდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ინვესტორების მთავარი პრეტენზია აქციების ფასებს ეხებოდა. Nissan-ის ფასი ბირჟაზე უკვე წლებია სტაბილურად ეცემა და ეს პროცესი ესპინოზას მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყო. ფაქტია, რომ კარლოს გონის ეპოქაში ბრენდის ფინანსური პოზიციები ბევრად მყარი იყო.
შეგახსენებთ, რომ კარლოს გონი 2018 წელს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს. ის ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ ეს იაპონიის მთავრობისა და Nissan-ის ტოპ-მენეჯერების შეთქმულება იყო მისი ჩამოსაშორებლად. გონმა შინაპატიმრობას თავი საინტერესო მეთოდით დააღწია: ის კონცერტისთვის განკუთვნილ ხმის გამაძლიერებელ დიდ ყუთში დაიმალა და ქვეყნიდან ლიბანში კონტრაბანდული გზით გაიპარა.

თუ რამდენად დაზარალდა კომპანია ამ სკანდალის შემდეგ, ციფრებიდანაც ჩანს: გონის დაკავებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, Nissan-ის აქციების ფასი კატასტროფულად — დაახლოებით 66%-ით არის შემცირებული.
არასტაბილური რეაბილიტაცია და გაყიდვების კრიზისი
მიუხედავად აქციონერთა განგაშისა, მოქმედი ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ კომპანიამ კრიზისული პერიოდი გადალახა. მაისში ივან ესპინოზამ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ Nissan-მა „აღდგენის ფაზას გაასწრო და ზრდის ეტაპზე შედის“. ამის დასტურად მან 2025 ფისკალური წლის ბოლოს $367-მილიონიანი საოპერაციო მოგება წარადგინა. ეს არ არის კოლოსალური ციფრი, თუმცა წინა კვარტლის $63-მილიონიანი ზარალის ფონზე მაინც პროგრესია.
მიუხედავად ამისა, რეალური გაყიდვები კვლავ მთავარ საფიქრალად რჩება. აშშ-ის უმნიშვნელოვანეს ბაზარზე ბრენდმა წელი ძლივს შესამჩნევი 1%-იანი მატებით დახურა, ხოლო პრემიუმ-ქვებრენდ Infiniti-სთან ერთად, საერთო გაყიდვების ზრდა მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს, რაც ფაქტობრივად სტაგნაციაა.

კიდევ უფრო საგანგაშოა 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სადაც Nissan-ის გაყიდვები ამერიკაში 7.7%-ით დაეცა. კომპანია ამჟამად ხარჯების რადიკალური შემცირების რეჟიმშია, თუმცა საავტომობილო ბიზნესში მხოლოდ ქამრების შემოჭერით პოზიტიურ ზრდას ვერ მიაღწევ — ამისთვის მანქანების გაყიდვაც არის საჭირო.