დიზელზე მომუშავე Mini-მ ქარხნული ძრავით მილიონზე მეტი კილომეტრი დაფარა
12 წლისა და 25 ქვეყნის გავლის შემდეგ, დიზელზე მომუშავე ორიგინალი ძრავით, ამ Mini-მ 1 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა და შედეგის გაუმჯობესებასაც უმიზნებს.
მძღოლების ნაწილი მაღალი გარბენის მქონე ავტომობილებს უფრთხის და რამდენიმე ათეული ან ასეული ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ თავიანთ ძველ „მეგობარსაც“ ახლით ანაცვლებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში შემოინახონ და მასთან ერთად ახალი რეკორდებიც დაამყარონ.
ასევე საინტერესოა: რამდენი მილიონი კილომეტრის დაფარვა შეუძლია მანქანას?

მსგავს მძღოლებს შორისაა ამ Mini-ს მფლობელიც — გერმანელი ენტუზიასტი, პეტერ კირხოფი. გასულ კვირას ის ოქსფორდის ქარხანასაც ეწვია, ზუსტად იმ ადგილს, სადაც თავისი Cooper D თორმეტი წლის წინ აეწყო და მათთან ერთად ეს მნიშვნელოვანი მომენტიც იზეიმა. კირხოფი თავისი Mini-თ კომპანიამ ოფიციალურად მიიწვია ოქსფორდის ქარხანაში და სწორედ აქ, ავტომობილმა, საზეიმო ღონისძიებისას, ოდომეტრზე 1-მილიონიანი ნიშნული გადალახა.
კირხოფის Mini-მ, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, 25 ქვეყანა მოიარა. მის მიერ გავლილი თითოეული კილომეტრი დოკუმენტირებულია პროექტის ფარგლებში, რომელსაც ავტომობილის მფლობელმა Project One M უწოდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და აღმაფრთოვანებელი ამ შემთხვევაში ის ფაქტი გახლავთ, რომ MINI-მ თორმეტ წელიწადში მილიონ კილომეტრზე მეტი ერთი, ქარხნული, დიზელზე მომუშავე ძრავით დაფარა. თანაც, ავარიებისა თუ ნებისმიერი სახის ძირეული შესაკეთებელი სამუშაოების გარეშე.

მილიონი კილომეტრის ნიშნულის გადალახვა კი შემთხვევითობა არ გეგონოთ — პირიქით, ეს პირველი დღიდანვე დასახული გეგმა გახლდათ. ამისათვის, როგორც Mini-ს წარმომადგენლებმა გაამხილეს, კირხოფი წლების განმავლობაში მართვის მონაცემებს აანალიზებდა და მათ სოციალურ ქსელშიც კი აზიარებდა. ეს მხოლოდ გართობა და კილომეტრების გავლა არ იყო, ის უფრო სამეცნიერო პროექტს წააგავდა.
ეს მიღწევა ამავდროულად შესანიშნავი რეკლამა გამოდგა BMW-ს B47 დიზელის ძრავისთვის. ძველი N47 ძრავისგან განსხვავებით, რომლებიც კარგი რეპუტაციით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ, ახალმა B47-მა დაამტკიცა, რომ ბევრად უფრო გამძლეა. ამ შემთხვევაში, მან მილიონზე მეტ კილომეტრს გაუძლო, რაც სერიოზული განაცხადია.
ასევე იხილეთ: BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ძრავები (ნაწილი 1)
ცნობისთვის, ავტომობილის შეძენისას, კირხოფმა მანქანის კომპლექტაცია თავად შეარჩია. როგორც Mini-ს ძველ მოყვარულს, მას სურდა ავტომობილი, რომელიც თან წარმოუდგენლად დიდ მანძილს გაივლიდა და თან მართვის სიამოვნებასაც მიანიჭებდა. თუმცა ერთი რამ, რაც ნამდვილად არ ხიბლავდა, დიზელში ფულის გადახდა იყო — მანქანის საშუალო მოხმარება კი ყოველ 100 კილომეტრზე სულ რაღაც 2.95 ლიტრს შეადგენდა.
Mini Cooper-ი, რომელსაც მისი ნარინჯისფერი შეფერილობისა და თეთრი ზოლების გამო „ნემო“ შეარქვეს, გაჩერებას არ აპირებს. კირხოფის შემდეგი ნაბიჯი 1.6 მილიონი კილომეტრია (დაახლოებით 1 მილიონი მილი). შეძლებს თუ არა ქარხნული ძრავით Mini ამ შედეგის მიღწევას, ან თუნდაც ლეგენდარული Volvo P1800-ის შედეგის (5.2 მილიონი კილომეტრი) გამეორებას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.