„თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი სანაპიროა - სიჩქარე 50 კმ/სთ-მდე უნდა შეიზღუდოს“ | მევლუდ მელაძე ავარიებსა და „შავ წერტილებზე“
მიუხედავად იმისა, რომ „შავი წერტილების“ აღმოსაფხვრელად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებსაც უნდა დაეთმოს.
მისი შეფასებით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი სანაპიროა, სადაც სიჩქარის 50 კმ/სთ-მდე შემცირება და დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზისა და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 2-კილომეტრიან რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების – ე.წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ჯამში 32 ლოკაციაა იდენტიფიცირებული, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში – 24, თბილისის შემოვლით გზაზე – 4 და დასავლეთ საქართველოში – 4 ლოკაცია.
„ამ შემთხვევაში საუბარი არ არის დედაქალაქზე, რადგან თბილისის მასშტაბით „შავი წერტილების“ სია დედაქალაქის მერიამ უნდა შეადგინოს და შემდეგ თავადვე იმუშაოს მათ აღმოფხვრაზე. საგზაო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა ქალაქგარეთ არსებულ გზებს ეხება და ამ მიმართულებით მათ უკვე გააკეთეს ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, მსგავსი ოფიციალური ჩამონათვალი ჯერ არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ „შავი წერტილები“ ქალაქში არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საშიში ადგილი სანაპიროა, რადგან ბოლო წლებში ქალაქში არაერთი მძიმე საგზაო შემთხვევა სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა.
მე ზოგადად სიჩქარის მასობრივი შეზღუდვის მომხრე არ ვარ, თუმცა სანაპიროს შემთხვევაში ვთვლი, რომ სიჩქარე 50 კმ/სთ-მდე უნდა შემცირდეს. ასევე საჭიროა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მძღოლებს სიჩქარის დაცვაში დაეხმარება. საუბარი არ არის „მწოლიარე პოლიციელებზე“ - არსებობს სხვა თანამედროვე საშუალებები, რომლითაც სიჩქარის ეფექტიანად კონტროლია შესაძლებელი.
„შავ წერტილებზე“ მუშაობას ყველა შემთხვევაში დედაქალაქიდან დავიწყებდი. რა თქმა უნდა, საგზაო დეპარტამენტმა თავისი მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა და ის, რომ ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყო, დადებითი პროცესია, თუმცა თბილისის შემთხვევაში ეს უკვე აუცილებლობაა.
რაც დრო გადის, პრობლემა არ გვარდება - პირიქით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ დღემდე მიღებულმა ზომებმა ამ ტენდენციის შეჩერება ვერ შეძლო. ამიტომ საჭიროა უფრო ინტენსიური მუშაობა და ადგილობრივი სპეციალისტების აქტიური ჩართულობა.
მხოლოდ საერთაშორისო ფორუმებზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. აუცილებელია უცხოელ ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინებაც, რადგან მათ ყოველდღიურ რეალობაში არსებული პრობლემები უკეთესად აქვთ დანახული“, - ამბობს მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.