ცერემონიის ისტორიაში პირველად: World Car Awards 2020-ის გამარჯვებულები ინტერნეტით გამოცხადდება
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ღონისძიების ისტორიაში პირველად, World Car Awards-ის ცერემონიის გამარჯვებულები ციფრულად გამოცხადდება.
ტრადიციულად, World Car Awards-ის ცერემონია ნიუ იორკის ავტოშოუზე იმართება. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შოუ გაუქმდა. ხუთი ნომინაციის ყველა ფინალისტი რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა. ჩვენ ხუთივე ნომინაციის ფინალისტებს გაგაცნობთ:
ცერემონიის მთავარი ჯილდო „წლის ავტომობილია“. კონკურენცია წელს ბევრად მაღალი იყო, ვიდრე შარშან. ამ ნომინაციის ტოპ 3 ავტომობილია: Kia Telluride, Mazda CX-30 და Mazda3.
„მსოფლიოს ყველაზე ელიტური ავტომობილის“ ნომინაციაში ასევე დიდი კონკურენცია იყო. ამ შემთხვევაში ტოპ 3 ავტომობილში Mercedes-Benz EQC, Porsche 911 და Porsche Taycan-ი მოხვდნენ.
ერთ-ერთი პოპულარული ნომინაციაა „წლის ურბანული ავტომობილი“ არჩევანის გაკეთება ამ სეგმენტშიც რთული იყო, თუმცა ტოპ 3-ამდე Kia Soul EV-მ, Mini Electric-მა და Volkswagen T-Cross-მა მიაღწია.
„მსოფლიოს საუკეთესო შესრულების ავტომობილი“ წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებული ნომინაციაა და უამრავი საუკეთესო ავტომობილი წარმოგვიდგინა. ტოპ 3 ნომინამტამდე დაყვანა ამ შემთხვევაშიც რთული იყო, თუმცა „პორშემ“ პირველობა არავის დაუთმო და ფინალისტების სია ასეთია: Porsche 718 Spyder/Cayman GT4, 911, და Taycan electric sports.
„მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის ავტომობილის“ შერჩევა ყოველთვის რთულია. დიზაინი 7-მა ექსპერტმა შეაფასა და მათ საბოლოდ უპირატესობა ამ სამ ავტომობილს მიანიჭეს: Mazda3, Peugeot 208 და Porsche Taycan-ი.
დაჯილდოება 8 აპრილს გაიმართება და ამ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოცხადდება.