სახლს მეხი დაეცა და Tesla გაფუჭდა | ელექტრომობილები ცუდ ამინდშიც თავის ტკივილია?
Tesla-ს მფლობელს თავს ალბათ ყველაზე საშინელი კოშმარი დაატყდა მაშინ, როდესაც საცხოვრებელ სახლზე მეხის დაცემის შემდეგ, ელექტრომობილის შემოწმება გადაწყვიტა. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ ჭექა-ქუხილისა და ელვის დროს, როდესაც თქვენს ავტოფარეხში ელექტრომობილია?
საშინელ გამოცდილებაზე Tesla-ს მფლობელმა სოციალურ ქსელ Reddit-ის საშუალებით ისაუბრა. როგორც პოსტიდან ვიგებთ, მეხი ჯერ მის სახლს დაეცა, გავლენა კი ელექტრომობილსა და EV-ის დასამუხტ ობიექტზეც იქონია. შედეგად, Tesla-ს მფლობელს მანქანის სადილეროში მიყვანა მოუხდა, სერვისისა და სრული შემოწმებისთვის.
ელექტრომობილის მფლობელმა Reddit-ზე შემთხვევის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებზეც დამწვარი დასამუხტი წერტილები ჩანს. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. Tesla-ს მფლობელების ნაწილის განცხადებით, იგივე პრობლემის წინაშე ისინიც დადგნენ. ნაწილმა, ახალ დაზარალებულს, პრობლემის მარტივად მოსაგვარებლად რჩევაც მისცა.
ახლოდან გადაღებულ კადრებში მარტივი შესამჩნევია, რომ დასამუხტი წერტილი თითქმის სრულად განადგურდა. ასევე ჩანს წყვეტები სადენებში, რის გამოც დასამუხტი სისტემა გამოუსადეგარია. მფლობელის კომენტარებიდან ირკვევა, რომ Tesla ახლა უკვე მობილური დამტენით ან Supercharger-ით არ იტენება.
Tesla-ს მფლობელმა 7 ივლისს სადილეროში ვიზიტი უკვე დანიშნა. ეს სავარაუდოდ დიდი დროა თუ გავითვალისწინებთ, რომ მძღოლი ელექტრომობილს ყოველდღიურად იყენებს.
როგორც Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, ელექტრომობილი ახლა გამოუსადეგარია და სადილეროში მიყვანას საჭიროებს. სხვების თქმით, მფლობელი მსგავსი შტორმის დროს უნდა დარწმუნდეს, რომ მანქანა დასამუხტი წერტილიდან გამოერთებულია. მისივე თქმით, ეს მძღოლის სახელმძღვანელოშიც მითითებულია და სხვა მფლობელებიც ასე აკეთებენ.
ამ კონკრეტული ელექტრომობილის მფლობელმა განაცხადა, რომ მათ სახლის მეხისგან დამცავი სისტემა ჰქონდათ და ფიქრობდნენ, რომ ეს ელექტრომობილზეც გავრცელდებოდა. თუმცა როგორც ჩანს ეს ვარაუდი მცდარი გამოდგა და Tesla-საც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.