პოლ უოკერის პერსონაჟი „ფორსაჟის“ ბოლო ეპიზოდში ბრუნდება
„ფორსაჟის“ გულშემატკივრების ნაწილი ძალიან მალე მიიღებს იმას, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდა. ლეგენდარული ფილმის ბოლო ეპიზოდში, პოლ უოკერის პერსონაჟი ბრაიან ო'კონერი დაბრუნდება.
შაბათს, ლოს-ანჯელესში გამართულ Fuel Fast-ის შეკრებაზე ვინ დიზელი სცენაზე ავიდა და „ფორსაჟის“ ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით სამი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი განცხადება, ფილმის ბოლო ეპიზოდში პოლ უოკერის პერსონაჟის, ბრაიან ო’კონერის დაბრუნებას უკავშირდებოდა. „მესამე რამ, რასაც ითხოვდით დომისა და ბრაიან ო’კონერის ხელახლა გაერთიანება იყო. სწორედ ამას მიიღებთ ფინალში“, - განუცხადა დიზელმა დამსწრეებს.
უოკერმა ბრაიან ო’კონერის როლი „ფორსაჟის“ პირველ ექვს ფილმში შეასრულა. ფრენჩაიზის მეშვიდე ნაწილი გადაღებებისას, 2013 წლის 30 ნოემბერს, უოკერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. საკულტო პერსონაჟთან სათანადო გამომშვიდობებისთვის, ფილმის შემქმნელებს „ფორსაჟი 7“-ში ცვლილებების შეტანა მოუხდათ. უოკერის ძმამ, კოდი უოკერმა, პოლის ნაცვლად ო’კონერის როლი კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით შეასრულა.
დიზელის განცხადებით, ის Universal Studios-ს პარასკევს შეხვდა. სტუდიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ფინალური ეპიზოდის 2027 წლის 20 აპრილამდე დასრულებას. დიზელის თქმით, შემოთავაზებას მხოლოდ სამი პირობის სანაცვლოდ დათანხმდა: ფრენჩაიზის ლოს-ანჯელესში დაბრუნება, ქუჩის რბოლის საავტომობილო კულტურის დაბრუნება და მისი პერსონაჟის, დომინიკ ტორეტოს და უოკერის პერსონაჟის, ო’კონერის გაერთიანება.
ამ განცხადების შემდგომ, დიზელმა სცენა დატოვა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით და როგორ დაბრუნდება უოკერის პერსონაჟი კვლავ ფილმში.