ავტომობილის მოვლის რჩევები ზაფხულში: როგორ დავამარცხოთ სიცხე
საზაფხულო სეზონი ავტომობილით მოგზაურობისთვისა და კემპინგისთვის იდეალურ ამინდებს გვთავაზობს, თუმცა ბევრი საავტომობილო პრობლემებიც მოაქვს. რატომ? აუტანელ სიცხეს მანქანის მნიშვნელოვან სისტემებზე უარყოფითი გავლენა აქვს. ზაფხულში ყველაზე გავრცელებული საავტომობილო პრობლემებია: ძრავის გადახურება, მწყობრიდან გამოსული კონდიციონერი, დამსკდარი რეზინები, საბურავების დაბალი წნევა, გაცრეცილი ძრავის ქამრები, საწვავის გაჟონვა და სუსტი ბატარეა.
სწორედ ამიტომ, თუ თქვენი საზაფხულო კალენდარი საგზაო მოგზაურობებითა და ექსკურსიებითაა სავსე, ჩვენ სეზონის უსაფრთხოდ გადაგორებაში დაგეხმარებით.
1. შეამოწმეთ კონდიციონერი
საზაფხულო სიცხე და კონდიციონერი საუკეთესო წყვილია. როდესაც ტემპერატურა აუტანელ ნიშნულს აღწევს, თქვენი ავტომობილის AC-ი აუცილებლად უნდა მუშაობდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარში და გაზაფხულზე კონდიციონერს არ იყენებდით, შეამოწმეთ მისი მუშაობა ზაფხულის სეზონამდე.
იმ შემთხვევაში თუ სისტემა ცხელ ჰაერს უშვებს, მისი შეკეთება შესაძლოა მარტივად, ფრეონის შეცვლით მოხერხდეს. თუ ეს ყველაფერი საქმეს არ უშველის, მაშინ დიაგნოსტიკისთვის სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
2. შეამოწმეთ საბურავების ჰაერის წნევა
ზამთრის სეზონზე საბურავებს გარკვეული დაზიანებები უჩნდება. ამიტომ, სანამ ზაფხულში გრძელ გზას დაგეგმავთ, საბურავებს ინსპექტირება აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ. ჰაერის წნევის შემოწმებისას მწარმოებლის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.
საბურავებში ჰაერის წნევის ოპტიმალურ რაოდენობას საბურავის გახეთქვის პრევენცია შეუძლია. გარდა ამისა, მათი სწორი დაბერვით თქვენ საწვავის მოხმარების ეფექტურობასაც გაზრდით.
3. შეავსეთ ძრავის სითხეები
ამინდის სეზონურ ცვლილება ხშირად ძრავის სითხეების შემცირებას იწვევს, რადგან ისინი მაღალი ტემპერატურისას თხელდება ან საერთოდაც ორთქლდება. ზაფხულის დადგომასთან ერთად გადაცემათა კოლოფის, საჭის ელექტრო სისტემის, გამაგრილებელისა და საქარე მინის საწმენდების შევსება მოგიწევთ.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამაგრილებელი სისტემის სითხის შემოწმება გახლავთ, რადგან ის ძრავას გადახურებისგან იცავს.
იმ შემთხვევაში თუ სისტემაში სითხის ინსპექტირება თავად არ შეგიძლიათ უახლოეს სახელოსნოს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
4. შეცვალეთ ზეთი და ფილტრი
თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი დიდხანს გემსახუროთ, მაშინ ზეთისა და ფილტრის ხშირი ცვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია. ზეთის ლუბრიკანტები ძრავას ცვეთისგან იცავს, ხოლო ფილტრი ძრავის ზეთში ნაწილაკების შეკავებას უზრუნველყოფს.
ზეთის შეცვლა მარტივი გახლავთ. მიუხედავად ამისა, თუ ამ სერვისს რუტინულად არ შეასრულებთ, მაშინ ეს ყველაფერი უფრო ხარჯიან პრობლემებში გადაიზრდება. ზეთის შეცვლის ყველაზე ოპტიმალური ინტერვალი 5 000კმ გახლავთ.
5. შეამოწმეთ მუხრუჭები
ზამთრის უხეში და უსიამოვნო ამინდების შემდეგ, ავტომობილის სამუხრუჭე სისტემისა და მუშაობის შემოწმება უმნიშვნელოვანესია. მართვისას ყველაზე მეტად მუხრუჭებს ენდობით, შესაბამისად, მათი ხშირი შემოწმება ცუდი იდეა არასდროსაა.
წითელი დროშისა და ავტომობილის გაჩერების თვალსაჩინო ხარვეზების გარდა უნდა მოუსმინოთ მუხრუჭების კივილის ხმასაც. ასევე, ყურადღებამისაქცევია მიდის თუ არა ავტომობილი მუხრუჭის სატერფულის დაჭერისას რომელიმე ერთ მხარეს. თუ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ, მაშინ მათი შეკეთების დროა.
6. საქარე მინის საწმენდების შეცვლა
მხედველობა და მკაფიოობა ავტომობილის მართვისას აუცილებელია. ზაფხულის მტვერი, ნაწილაკები და მზის სხივები კი საქარე მინაზე მოხვედრისას ობიექტების სწორად შეფასებას ხელს უშლის. დარწმუნდით, რომ საქარე მინის საწმენდები იდეალურად მუშაობს.
7. აქციეთ რუტინად ჰაერის ფილტრის შეცვლა და გასუფთავება.
ჰაერის ფილტრს თქვენი ავტომობილისთვის დიდი როლის აქვს, განსაკუთრებით ზაფხულში. ის სავენტილაციო არხებს დაბინძურებისგან იცავს, რაც ცხელ სეზონზე უფრო მეტად აქტუალური ხდება. ფილტრის დაძველებას კი კონდიციონერის სისტემის გაუმართაობა მოჰყვება, რაც საკმაოდ ხარჯიანი სპორტი გახლავთ.
გარდა ამისა, ჰაერის ფილტრი თქვენი ძრავის ერთგული მცველიცაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ აგრეგატს ტურბო დაბერვა აქვს.
8. გარეცხეთ ავტომობილი
ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის სუფთა მდგომარეობაში მოყვანა მხოლოდ თქვენთვის არ არის კარგი. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ავტომობილზე მოქმედებს. მაღალ ტემპერატურას ავტომობილში დარჩენილი პლასტმასის, საკვების ან ნაგვის გადნობა შეუძლია, რაც სალონს აზიანებს.
ექსტერიერის სისუფთავე კი საღებავის სიცოცხლისუნარიანობას უკავშირდება. ჩიტებისა და მწერების მიერ დასვრილ ავტომობილს გასუფთავება აუცილებლად სჭირდება, რადგან მზისა და სხვადასხვა მინარევების რეაქცია საღებავზე ლაქებს აჩენს.
9. გააჩერეთ ავტომობილი ჩრდილში
ცხელ დღეებში შეეცადეთ, რომ ავტომობილი ჩრდილში გააჩეროთ. ეს არამარტო თქვენთვის იქნება კომფორტული, არამედ მანქანაზეც იზრუნებთ. ალბათ მზის სხივებისგან გახუნებული მანქანები გინახავთ. მისი ხელახლა შეღებვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, ავტომობილს, რომელსაც ქარხნული საღებავი აქვს მეტად ფასობს.
სიცხე მოქმედებს ინტერიერის დეტალებზეც. საჭისა და ტყავის სავარძლების გახურება საკმაოდ დიდ დისკომფორტს შეგიქმნით. ასევე, მზის სხივები აზიანებს მულტიმედიის ეკრანსაც. სწორედ ამიტომ, თუ ავტომობილის ჩრდილში გაჩერებას ვერ მოახერხებთ, გამოიყენეთ ამრეკლი ფარდები, რომელიც შუშებზე მაგრდება. ასე სალონში ტემპერატურაც ნაკლები იქნება და მასალასაც გაუფრთხილდებით.
10. გააგრილეთ ძრავა
ტემპერატურის მაჩვენებელი, რომელიც მაჩვენებელთა დაფაზეა გამოსახული, გამაგრილებელის ზღვარს გიჩვენებთ. მისი მეშვეობით იგებთ ძრავა გრილია, ნორმალურ ტემპერატურაზეა თუ გადახურებულია. თუ ტემპერატურის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს რომ ძრავა გახურებულია. ასეთ დროს კარგი იქნება თუ ავტომობილს გააჩერებთ და გაგრილებას დაელოდებით.
11. მიიღეთ სითხეები
ისევე, როგორც თქვენს ავტომობილს სითხეების შევსება თქვენც გჭირდებათ. დეჰიდრატაციასა და თბურ დაკვრას მანქანის მართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ზაფხულში კი გზებზე უფრო მეტი საცობია, აქტიურდებიან ქვეითებიც და ველოსიპედისტებიც. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება გჭირდებათ.
გრძელ გზაზე გადაადგილებამდე უმჯობესი იქნება თუ თქვენ და სხვა მგზავრები სითხეებს მოიმარაგებთ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ავტომობილში, გრილ ადგილას, წყლის ბოთლს შეინახავთ.