Mercedes-ი ფიზიკურ გადამრთველებს აბრუნებს | გიგანტური ეკრანების ეპოქა სრულდება?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ავტომწარმოებელთა შორის ფიზიკური ღილაკების iPad-ის ზომის ეკრანებით ჩანაცვლების ტენდენცია შეინიშნება. მეტიც, ავტომწარმოებელთა დიდი ნაწილი, რომელთა შორის გერმანული ბრენდი Mercedes-იცაა, ამ ფაქტით თავს იწონებს და ხშირად, ახალი ავტომობილის გაშვებისას, ეკრანის ზომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგისთვის ავტომობილების გიგანტური ეკრანები უფრო თანამედროვედ გამოიყურება, მათთან შედარებით ფიზიკურ ღილაკებს აშკარა უპირატესობა გააჩნიათ. Mercedes-იც, რომელიც კვლავ დიდი ზომის ეკრანების გამოყენების მომხრეთა შორისაა, ამ უპირატესობას აღიარებს და აცხადებს, რომ სალონში ღილაკები მართლაც საჭიროა. შესაბამისად, ფიზიკური ღილაკები გერმანულ დიზაინში მალე დაბრუნდება, თუმცა ეკრანები — გინდათ თუ არა ეს თქვენ — კვლავ დარჩება.
„გამოკითხვების ჩატარებისას ჩვენი მომხმარებელი თავის მოსაზრებას ყოველთვის ღიად გვიზიარებს. ისინი ამბობენ, რომ მათ დიდი ეკრანები მოსწონთ, თუმცა კონკრეტული ფუნქციებისთვის სალონში ფიზიკური კონტროლის მექანიზმების დამატება სურთ“, — განუცხადა გამოცემა Autocar-ს Mercedes-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა, მათიას გეიზენმა.

გეიზენი აღნიშნავს: „მომხმარებლებმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გვითხრეს: „ეს საკმაოდ კარგი იდეაა, თუმცა ჩვენს მოთხოვნებს არ ერგება“. ამიტომაც გადავწყვიტეთ სტრატეგია შეგვეცვალა და ინტერიერიც შესაბამისი გაგვეხადა“. მისივე თქმით, მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად, მომავალ მოდელებში უფრო მეტ ფიზიკურ ღილაკს ვიხილავთ იმ კონკრეტული ფუნქციებისთვის, რომლებზეც მძღოლებს პირდაპირი წვდომის ქონა სურთ.
ასევე დაგაინტერესებთ: Top: საჭის ყველაზე უცნაური დიზაინები, რაც ოდესმე შექმნილა
გეიზენმა ეკრანების გამოყენების მრავალფეროვნებაზეც ისაუბრა, მაგალითად, მათი პერსონალიზაციის შესაძლებლობაზე, თუნდაც ოჯახის წევრების ფოტოების გამოყენებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სუპერლუქს სეგმენტში ფიზიკური გადამრთველები ყოველთვის ხარისხისა და სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა. ახლა კი Mercedes-ი ოქროს შუალედის პოვნას ცდილობს — ერთდროულად შეინარჩუნოს თავისი „საყვარელი“ გიგანტური ეკრანები და, ამავდროულად, ფიზიკური ღილაკების შეგრძნებაც დააბრუნოს, რაც ავტომობილის მართვას ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.