მდიდრული, მენსორი, ტუნინგი, ჩინური, ზიკერი, ზიკერ 9იქსი
Aa
Aa

Mansory ჩინელებსაც მიადგა და Zeekr 9X კიდევ უფრო მდიდრულ ავტომობილად აქცია

ფრთხილად იყავით, მეგობრებო, რადგან, როგორც ჩანს, უსაფრთხოდ აღარავინ არის — შევაბიჯეთ ეპოქაში, როცა ექსკლუზიური და მდიდრული ტუნინგი ჩინურ ავტომობილებსაც შეეხო. შეხედეთ Mansory-ს ამ ქმნილებას — ის ოდესღაც Zeekr 9X იყო, ჩინური ბრენდის უახლესი ფლაგმანი, რომელიც ზომით გიგანტურ Mercedes GLS-საც კი აჭარბებს და დიზაინით Rolls-Royce Cullinan-ისა და Range Rover-ის უკანონო შვილს წააგავს.


რთული სათქმელია, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ავტომობილს მას შემდეგ, რაც მის დახვეწაზე Mansory-მ იმუშავა. აქ ნახავთ ნახშირბადის ბოჭკოს წარმოუდგენელ რაოდენობას, ორ უკანა სპოილერს, მასიურ დიფუზორს, ახალ კაპოტს, გაფართოებულ თაღებსა და სუპერქარის სტილის გვერდითა ზღურბლებს. გერმანულმა ატელიემ ავტომობილს ე.წ „თვითმკვლელი“ კარებიც კი დაუმატა — შესაძლოა, ტუნერებს ეგონათ, რომ Cullinan-ზე მუშაობდნენ, რომელსაც ქარხანაში კარები არასწორად დაუმონტაჟეს?

მოკრძალებული არც ექსტერიერის ორფერიანი შეღებვა და ნახშირბადის დეტალებია, თუმცა ნამდვილი შოკი სალონში გელით — აქ ფაქტობრივად ყველა დეტალს თვალისმომჭრელი თეთრი ტყავი ფარავს. უნდა ვაღიაროთ, რომ 24-დუიმიანი ჭედური დისკები, მიუხედავად მათი აბსურდული ზომისა, მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.


რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, Mansory-მ Zeekr-ის აგრეგატს ხელი არ ახლო და ალბათ ასე უმჯობესიც კია. ავტომობილს ისედაც აქვს Plug-in ჰიბრიდული სისტემა, რომელიც 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და სამი ელექტროძრავის მეშვეობით 1362 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ეს გიგანტი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.1 წამში ჩქარდება, ახალი, სარქველებიანი გამონაბოლქვი სისტემის წყალობით კი მისი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის ხმასაც შესანიშნავად გაიგონებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები