ალფა რომეო, ალფა რომეო ჯულია, ალფა რომეო სტელვიო, განახლება
Aa
Aa

11 წლის შემდეგაც, Alfa Romeo კვლავ ახერხებს Giulia-ს განახლებას

ბოლო რამდენიმე წელი Alfa Romeo ფიქრობდა, თუ რა უნდა ექნა იმ ორი საკულტო მოდელისთვის, რომელთა ოქროს ხანაც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ მათთან დამშვიდობება ადრეა და იტალიელებმაც ამ მოდელების განახლება და წარმოებაში დატოვება გადაწყვიტეს.

ევროპის ბაზარზე Giulia და Stelvio მძღოლზე ორიენტირებულ, როგორც ტექნიკურ, ასევე ინტერიერის განახლებას მიიღებენ. ამის შესახებ ავტომწარმოებელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დადასტურდა, რომ ბაზარზე მათი შემცვლელების გამოჩენამდე, ორივე მოდელი 2027 წლისთვის წარმოებაში კვლავ დარჩებოდა. მთავარი განახლება Pack Performance-ის პაკეტია, რომელიც ერთდროულად ინტერიერისა და შესრულების გაუმჯობესებას გვთავაზობს, თუმცა ძირითადი დეტალი მაინც Synaptic Dynamic Control-ის დაკიდების სისტემაა.

ეს უკანასკნელი მჭიდრო კავშირშია Alfa DNA-ს მართვის რეჟიმებთან. Stellantis-ის აღწერით, სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ იპოვოს ოქროს შუალედი კომფორტს, სიზუსტესა და უსაფრთხოებას შორის. ამორტიზატორების შიგნით არსებული ელექტრო-ჰიდრავლიკური სარქველები არეგულირებენ ზეთის ნაკადს, რაც საშუალებას იძლევა, უსწორმასწორო გზის მონაკვეთებსა და მანევრირებისას სტაბილურობა შენარჩუნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის დებიუტიდან მოყოლებული აქტიური დაკიდების სისტემა ფლაგმანი Quadrifoglio-ს ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი იყო, Alfa Romeo გეგმავს, რომ ის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. აქამდე SDC სისტემა ექსკლუზიურ გამოშვებებში გვხვდებოდა, ხოლო ფეისლიფტამდე Veloce-სა და Ti კომპლექტაციებში ის მხოლოდ დამატებითი შეთავაზების სახით იყო წარმოდგენილი.

ახალი Pack Performance-ით ცვლილებებს ინტერიერშიც უნდა ველოდოთ. Giulia-სა და Stelvio-ს სალონში წითელი ნაკერებით გაფორმებულ შავი ტყავის სალონს გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, დიზაინი მთელ სალონზე — წინა პანელზე, კარებსა და ცენტრალურ კონსოლზე გავრცელდება და კარბონის დეტალები დაემატება.

რა თქმა უნდა, ეს განახლებები რევოლუციური არაა, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს იმ განსხვავებას, რომელიც სტანდარტულ ვერსიებსა და სპეციალური გამოშვების მოდელებს შორის არსებობდა. განახლებები გვაქვს აუდიოსისტემაშიც: ძველ სისტემას 900-ვატიანი Harman Kardon-ი ანაცვლებს — 14 დინამიკითა და 12-არხიანი Class-D გამაძლიერებლით. მსგავსი შესაძლებლობებით, მოდელები Quadrifoglio-ს ხარისხს გაუტოლდებიან.

Alfa Romeo-ში იმედი აქვთ, რომ წარმოების გაგრძელება მათი ერთგული მომხმარებლების სურვილებს დააკმაყოფილებს იმ დრომდე მაინც, სანამ ამ მოდელების შემცვლელი გამოჩნდება. მათმა დებიუტმა კი, ელექტროფიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, 2028 წლამდე გადაიწია. ცნობისთვის, Pack Performance ევროპულ ბაზარზე Sprint და Veloce ვერსიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ფასი ჯერ უცნობია.

ახალი მოდელები STLA Large პლატფორმაზე აიგება. რიგი საინჟინრო სამუშაოების წყალობით, ეს პლატფორმა მოერგება როგორც შიგაწვის ძრავებს, ასევე დამუხტვადი ჰიბრიდების აგრეგატებს. ვარაუდობენ, რომ ახალ ვერსიებში Dodge Charger-ის ნაცნობ, ტვინ-ტურბო ექვსცილინდრიან Hurricane ძრავასაც ვიხილავთ.

როგორც ჩანს, Alfa Romeo-მ ბაზარზე არსებულ რეალობას თვალი გაუსწორა და ბენზინის ძრავების მოყვარულებსაც იმედი დაუტოვა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა Hurricane ავტომწარმოებლის ენთუზიასტებს ის ემოცია მიანიჭოს, რასაც იტალიური V6 ახერხებდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები