ალუბლით მორთული იტალიური ნაყინი: Novitec-ის Maserati Levante
ეს „ნოვიტეკის“ ტიუნინგ ატელიეს ახალი ქმნილება გახლავთ: Maserati Levante Esteso V2.
ვერ ვიტყვით, რომ გერმანული ტიუნინგ ატელიეს ეს ქმნილება საოცრად ლამაზია, მაგრამ არც უშნოა. სადღაც შუაშია, „ნოვიტეკის“ Ferrari 488 Pista-ს მოკრძალებული დიზაინისა და არაამქვეყნიური გარეგნობის McLaren 720S-ს შორის.
Novitec-ისთვის Levante-ზე მუშაობა პირველი გამოცდილება არ არის. „მაზერატის“ სუვის ტიუნინგის მეორე ვერსია(V2), ახალი Levante-ს ტოპ-მოდელის Trofeo-ს ბაზაზეა აწყობილი, რომელსაც „ფერარის“ 3,8-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავა აქვს.
სტანდარტულ Maserati Levante Trofeo-ს 572 ცხენის ძალა და 729 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, ტიუნინგ ატელიეს ეცოტავა და ძრავის კომპიუტერის პატარა პროგრამული განახლების შედეგად, იმავე ძრავიდან უკვე 615 ც.ძ. და 820 ნმ მაბრუნი მომენტი ამოქაჩა, რაც აჩქარების დროზე დადებითად აისახა. ახლა 0-100კმ/სთ-ს უკვე 3,8 წამს ანდომებს.

ამ ყველაფრის ფონზე ვიზუალური ცვლილებები არ დაგავიწყდეთ. ახალი აგრესიული დიზაინის მქონე ბამპერები, შეუღებავი კარბონის უკანა ფრთა, ძრავის ჰუფის საჰაერო ჭრილები, განიერი ძარის პანელები(Widebody) და 22-იანი დისკები ავტომობილის დიზაინს ნამდვილად ცვლიან, თუმცა ეს განახლებები „მაზერატის“ რამდენად უხდება, ცალკე თემაა. განახლებული Levante Esteso V2-ის სიგანე ირაციონალურ 2,09 მეტრს შეადგენს.
აღსანიშნია, რომ ავტომობილის დაკიდების სისტემა დაადაბლეს და კლირენსი 25 მილიმეტრით შეამცირეს.