BMW სედანების წარმოებაზე უარს არ ამბობს
სუვები კომპანიის გაყიდვების უდიდეს წილს შეადგენს, მაგრამ ბრენდი სედანების წარმოებას არ შეწყვეტს.
BMW-ს ბრენდი, რომელმაც მსოფლიოში ადგილი თავისი სპორტული სედანებით დაიმკვიდრა, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე თავისი კულტურული ფასეულობების ცვლილებას განიცდის. X3, X5, X6 და კომპანიის ახალი ფლაგმანური ძვირადღირებული X7-ის სუვები იმდენადვე პოპულარული ხდება, როგორც თავის დროზე BMW-ს სედანები იყო. პოპულარულობა კომპანიის შემოსავალზეც აისახება. BMW-ს გაყიდვების უდიდესი წილი ზუსტადაც რომ კროსოვერ სუვების სეგმენტს უკავია. მიუხედავად ამისა, BMW-ს დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი დომაგოი დუკეჩი აცხადებს, რომ კომპანია სედანების წარმოებას არ შეწყვეტს.
დუკეჩი ბრენდის მომავლის შესახებ ამბობს, რომ BMW-ს კროსოვერები, რომელიც მომხმარებელს ასე მოეწონათ, BMW-ს ყველა თვისებას აერთიანებს და უფრო მეტ ფუნქციურ შესაძლებლობებს უმატებს, მაშინ როდესაც სედანები თვისებების უფრო ვიწრო არეალს მოიცავენ, უფრო სპეციფიკურია და კონკრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
თავის განცხადებაში დუკეჩი ამ სეგმენტების ავტომობილები, მშენებლობის დიზაინებთან გააიგივა. კროსოვერი აღიქმება, როგორც სტუდიოს ტიპის ბინები, სადაც სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გაერთიანებულია, ხოლო სედანები ძველებური ტიპის ბინებს, სადაც ყველაფერს თავისი ოთახი აქვს.
დუკეჩი ამბობს, რომ ჩინელი მომხმარებელი უფრო სედანის მოყვარულია, რადგან ასეთ ავტომობილებში მგზავრების და საბარგულის სივრცე განცალკევებულია. სამაგიეროდ, ლოფტის მოყვარული ამერიკელები და ევროპელები უპირატესობას სუვების ფუნქციურ მოქნილობას უფრო ანიჭებენ.

დუკეჩმა ასევე დაამატა, რომ კომპანია ოთხკარიანი სედანების წარმოებაში დაინტერესებულია, მაგრამ ანალოგიური ენთუზიაზმი მომხმარებელში რომ აღძვრას, ძარის ახალი, უფრო რელევანტური და ინოვაციური სტილი უნდა შექმნან.
ბრენდმა დიზაინზე ექსპერიმენტების ჩატარება უკვე დაიწყო. ახალი სტილი 2 Series Gran Coupe-ს უკანა ნაწილში გამოიხატება. მათ უფრო აგრესიულ, კუთხოვან ფორმებს მიმართეს, თუმცა ფანჯრების ჩარჩოებმა უფრო მომრგვალებული ფორმები შეიძინა.
პატარა ნაბიჯებით და ცდების მეთოდით, რამდენიმე წელიწადში დიზაინის ახალ ენაზე შეთანხმდებიან, რომელსაც უკლებლივ ყველა მოდელზე ვიხილავთ.
ერთი მთავარი კითხვა რჩება: ამ უზარმაზარ ცხაურას რამე ეშველება?