ტოიოტა, ტოიოტა იარისი, კოენიგსეგი, კრისტიან კოენიგსეგი
Aa
Aa

Koenigsegg-ის CEO წარმოუდგენლად მოკრძალებული ავტომობილით გადაადგილდება

Koenigsegg-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ და ტექნიკურად კომპლექსურ ავტომობილებს ქმნის. საუბარი გვაქვს ოთხნიშნა ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარებზე, რომლებიც გარედან და შიგნიდან თითქმის სრულად კარბონითაა დაფარული. მათი ღირებულება კი რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

კრისტიან კოენიგსეგი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ისეთი ავტომობილების სრულყოფას უთმობს, როგორებიცაა Gemera და CC850. ეს ის მოდელებია, რომლებიც ჰიპერქარების ისტორიასაც კი თავიდან წერენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გასაკვირია, რომ Koenigsegg-ის აღმასრულებელი დირექტორი ყოველდღიურად საკმაოდ მოკრძალებული ავტომობილით გადაადგილდება. ბევრისთვის, ალბათ, მოულოდნელად, კრისტიან კოენიგსეგი ყოველდღიურად Toyota GR Yaris-ს ირჩევს.

კოენიგსეგისთვის Toyota GR Yaris-ი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც ის შვედეთში, Koenigsegg-ის შტაბ-ბინაში მიდის. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კრისტიანი სწორედ ამას აკეთებს — თავის Toyota-ს ქოქავს და ქარხანაში მიდის.

თუმცა, ეს სტანდარტული მოდელი არ გეგონოთ, რადგან კომპაქტურ ჰეჩბეკს რალის დნმ აქვს. განახლებული GR Yaris-ი 3-ცილინდრიან ტურბოჩარჯერ ძრავას იყენებს, რომელიც 280 ცხენის ძალასა და 390 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. მსუბუქი, სრულამძრავიანი ჰეჩბეკისთვის ეს შესანიშნავი შედეგია.

და ეს მთავარი არაა. კოენიგსეგს ადრეც უთქვამს, რომ მას პატარა, მსუბუქი ავტომობილები ბევრად მოსწონს. მანამდე Koenigsegg-ის აღმასრულებელი დირექტორი GR Yaris Circuit Pack-საც ფლობდა და საქებარ სიტყვებს არც Mazda MX-5 Miata-ს მიმართ იშურებდა, რადგან ეს უკანასკნელი დიდი სიმძლავრის გარეშეც ანიჭებს მძღოლს მართვის სიამოვნებას.

გამოდის, რომ მაშინაც კი, როდესაც მთელი დღის განმავლობაში 1 600 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარებით ხარ გარშემორტყმული, შესაძლოა 280 ცხენის ძალა და მექანიკური გადაცემათა კოლოფი ყოველდღიური მართვისთვის სავსებით საკმარისი და სასიამოვნო იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები