ჩერი, ჩინური, რეკლამა, ომოდა, ომოდა 7
Aa
Aa

ჩინურმა ბრენდმა ახალი SUV-ის რეკლამაში ათობით კატა გადაიღო

შესაძლოა, ბრენდი სახელად Omoda დიდად არ გეცნობათ, თუმცა ეს Chery-ს ქოლგის ქვეშ დაარსებული ჩინური ავტომწარმოებელია, რომელიც დასავლეთის არაერთ ბაზარზე ჩუმად ვითარდებოდა, ახლა კი მისმა Omoda 7-მა ბევრის ყურადღება მიიპყრო. ბრიტანეთში გამოჩენილი SUV-ის რეკლამისთვის ჩინურმა ბრენდმა ფული და კრეატივი არ დაიშურა და სარეკლამო კამპანიაში კატები, ყვავილები, თოვლი და წვიმა გამოიყენა.

Omoda 5-სა და Omoda 9-ს შორის მოქცეული მოდელი გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის დასაწყისში, ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. კამპანიის სლოგანი შემდეგი იყო: „მე არ ვარ სუპერმოდელი, თუმცა ეს მანქანა არის“, ბრენდის სახე კი მოდელი დენის ონონა იყო. 

ამჯერად კი ჩინური ბრენდი ავტომობილის სხვა ღირსებების განსხვავებული გზებით პოპულარიზაციას ცდილობს. SUV-ის ხმის ჩამხშობი მინის რეკლამაში ბრენდმა ათობით ფუმფულა კატა გამოიყენა, რომლებიც ავტომობილის ირგვლივ ერთ ოთახში განალაგა — კნავილი და კრუტუნი, რომელიც მარტივი მოსასმენი ოთახში არ იქნებოდა, ავტომობილში საერთოდ არ ისმის (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კატის კრუტუნსა და კნავილს სხვა ავტომწარმოებლების სტანდარტული მინებიც გაუმკლავდებოდა).


მოდელის ტექნიკური მახასიათებლები

მთელი ამ თეატრალურობის მიღმა, Omoda 7 საკმაოდ სტანდარტული ავტომობილია. მოდელი დამუხტვად ჰიბრიდულ სისტემას იყენებს, რომელიც 1.5-ლიტრიან ძრავას 18.3 კვტ.სთ-იან ბატარეასთან აკავშირებს — კომბინაცია 201 ცხ.ძ-სა და 365 ნიუტონს გამოიმუშავებს. 

მანქანას ტყვიასავით სწრაფს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ის 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.4 წამს ანდომებს, თუმცა შთამბეჭდავია კომბინირებული მანძილი, რომელსაც სავსე ავზითა და დამუხტული ბატარეით გაივლის — 1126 კილომეტრი. 


ხელმისაწვდომია ტრადიციული შიგაწვისძრავიანი ვერსიაც, რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 145 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ინტერიერი 15.6-დუიმიანი ცენტრალური მულტიმედიის მონიტორისგან და 10.25-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელისგან შედგება. ფასი სხვა ჩინური მოდელებისაზე იაფი ნამდვილად არ არის — ახალი Omoda 7 მსურველს, კომპლექტაციის მიხედვით, 40 600$-დან 43 400$-მდე დაუჯდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები