Aa Aa
10 აპრილი 2020  |  16:00

World Car Of The Year-ის ნომინაციაში Kia Telluride-მა გაიმარჯვა, Taycan-ს ორი ჯილდო მიანიჭეს

Mazda 3-ს World Car Design of the Year-ის ტიტული მიანიჭეს.

ხმები უკვე დათვლილია და Kia Telluride 2020 წლის World Car of the Year-ის გამარჯვებულად გამოაცხადეს. აღნიშნული ტიტულისთვის მას Mazda 3-თან და Mazda CX-30-თან შეჯიბრება მოუწია, მაგრამ ხმების უმრავლესობით, „კიამ“ გაიმარჯვა.

 

კროსოვერის წარდგენის პირველივე დღიდან, Telluride-მა კრიტიკოსებისგან ძალიან კარგი შეფასებები მიიღო. ჩრდილოეთ ამერიკის ავტოშოუზე იგი Utility კლასის გამარჯვებულად გამოაცხადეს და ასევე მომხმარებლების არჩევნის ათეულიდან, მას პირველი პოზიცია მიანიჭეს. მყიდველებს „კია“ იმდენად მოეწონათ, რომ კომპანიამ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მეტი რესურსი გამოჰყო.

სხვა კატეგორიებს რაც შეეხება, Porsche Taycan-მა World Luxury Car და World Performance Car ტიტულები დაიმსახურა. პირველ კატეგორიაში მან ახალ Porsche 911-სა და Mercedes-Benz EQC-ს აჯობა, ხოლო მეორეში მისი კონკურენტები კვლავ Porsche 911 და ახალი Toyota Supra აღმოჩნდენ. თუ Taycan-ის იდეა ძალიან მოგწონთ, მაგრამ ფუნქციონალური დატვირთვის ნაკლებობას განიცდით, მაშინ ცოტახანი დაელოდეთ, რადგან 2020 წლის ბოლოსკენ Porsche Taycan Cross Turismo-ს ფურგონის წარდგენას გეგმავს.

 

„კიამ“ კიდევ ერთი ჯილდო აიღო. Soul EV-ის World Urban Car-ის ტიტული მიანიჭეს. საბოლოო შეფასებით მან Volkswagen T-Cross და Mini Cooper SE Electric-ის აჯობა. 391 კილომეტრის დიაპაზონის მქონე „კიას“ ელექტრომობილი, ყველაზე დიდი მანძილის დიაპაზონის მქონე ელექტრომობილების სიიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბოლოს გვინდა Mazda 3 ვახსენოთ, რომელსაც World Car Design of the Year-ის ტიტული მიანიჭეს. ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ტიტულისთვის პირველ და მეორე ადგილს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო. „მაზდამ“ 179 ქულა მიიღო, ხოლო 177 ქულით მეორე ადგილი Porsche Taycan-მა დაიკავა. ეს 2-ქულიანი სხვაობა სხვა ნებისმიერ კატეგორიასთან შედარებით, ყველაზე მცირე იყო. Peugeot 208 კი 144 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

გაზიარება: