Aa
Aa

12 წლის განმავლობაში მიტოვებული და დაჟანგული Ford Transit-ი ჩვეულებრივად დაიქოქა

2.5-ლიტრიანი დიზელის ძველი ძრავა უკვდავია.

Ford Transit-ის მეორე თაობა 1986 წელს გამოვიდა და სრულიად ახალ პლატფორმაზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, კომერციული გამოყენების ავტომობილმა უამრავი გაუმჯობესება მიიღო. კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა 1992 წელს გამოშვებული განახლებული ვერსია, რომელსაც დაკიდების დამოუკიდებელი სისტემა ჰქონდა. მწარმოებელი მომხმარებელს ბენზინზე მომუშავე სამ ძრავას სთავაზობდა, საიდანაც ორი V6 იყო. ყველაზე სახელგანთქმული კი იმ პერიოდისთვის ახალ Transit-ში დიზელის ძრავა გახლდათ.

Transit-ის ეს თაობა ექვს სხვადასხვა ქარხანაში იწყობოდა. ყველაზე დიდი წილი კი ბელგიაზე და ბრიტანეთზე მოდიოდა. წარმოების წლების მიხედვით, ზემოთ ნახსენები დიზელის ძრავა 85, 100, და 115 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

თუმცა, რამდენად გამძლე იყო ეს აგრეგატები? მეორე თაობის Transit-ებს უკვე აღარავინ იყენებს, თუმცა ახლახან Flexiny-ს Youtube-ის არხზე უკვდავი 2.5D-ს ვიდეო დაიდო. კადრებში 1994 წელს გამოსული Transit-ი ჩანს, რომელიც, ძლიერად დაჟანგული კორპუსის გამო, 12 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. ვიზუალურად ჩანს, რომ მიკროავტობუსი მკვდარია, თუმცა ძრავის ხუფის ქვეშ ყველაფერი სხვაგვარადაა.

დიდიხნის განმავლობაში გამოუყენებელი ძრავის ამუშავებამდე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დეტალია შესამოწმებელი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამოწმებს მექანიკოსი ზეთისა და წყლის რაოდენობებს. ის ავტომობილში ახალ აკუმულატორსაც დებს. მცირედი ჩხირკედელაობით კი 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ჩვეულებრივად დაიქოქა. მეტიც, ის ისე დადის თითქოს, ამდენი ხნის განმავლობაში უპატრონოდ არ დაეტოვებინათ. ასეთი შედეგი კი მართლაც რომ შთამბეჭდავია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები