კვლევა, ტესტი, საბურავები, მიშელინი, ბრიჯსტოუნი, ყველა სეზონის საბურავები, მიშლენი, კონტინენტალი
Aa
Aa

ერთმანეთს 8 ბრენდის ყველა სეზონის საბურავები შეადარეს

წლების განმავლობაში Michelin CrossClimate 2 „ყველა სეზონის“ საბურავების აბსოლუტურ ეტალონად ითვლებოდა. თუმცა, Tyre Reviews-ის მიერ ჩატარებულმა უახლესმა მასშტაბურმა ტესტმა აჩვენა, რომ კონკურენცია საგრძნობლად გამწვავდა. ტესტირებაში მონაწილე რვა წამყვანი ბრენდის მოდელს შორის, პირველი ადგილი ერთდროულად ორმა გიგანტმა გაინაწილა — Michelin CrossClimate 2 AW-მა და Continental SecureContact AW-მა.

ასევე იხილეთ: LEGO ყველაზე მეტ საბურავს აწარმოებს? - 101 ფაქტი საბურავების შესახებ

ტესტირება ჩატარდა პოპულარულ ზომაში — 235/45 R18, რომელიც ფართოდ გამოიყენება საშუალო ზომის სედანებსა და ქროსოვერებზე. ტესტში ასევე მონაწილეობდნენ ისეთი კონკურენტები, როგორებიცაა Bridgestone WeatherPeak, Goodyear Assurance WeatherReady 2, Pirelli Cinturato WeatherActive, Hankook Weatherflex GT, Falken Aklimate და Atturo AZ810.

საინტერესოა, რომ Michelin-მა და Continental-მა საერთო გამარჯვებამდე სრულიად განსხვავებული ძლიერი მხარეებით მიაღწიეს.

Michelin: მშრალი საფარი და თოვლი

Michelin CrossClimate 2 AW-მ საუკეთესო შედეგი აჩვენა მშრალ ასფალტზე დამუხრუჭებაში — 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე მას სულ რაღაც 38.8 მეტრი დასჭირდა. გარდა ამისა, ტესტერებმა მას უმაღლესი შეფასებები მისცეს მშრალ გზასა და თოვლიან საფარზე მართვადობისთვის.

თოვლზე Michelin-ი შეუდარებელი აღმოჩნდა: საჭის უკუკავშირი და სტაბილურობა გატკეპნილ თოვლზე უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონკურენტის შემთხვევაში.

Continental: სველი ასფალტი და გორვის ხახუნი

Continental SecureContact AW-ს მთავარი კოზირი სველი საფარი აღმოჩნდა. მან ყველაზე მოკლე სამუხრუჭე მანძილი სველ ასფალტზე აჩვენა — 80 კმ/სთ სიჩქარიდან 31.97 მეტრში გაჩერდა. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა სველ გზაზე მართვადობასა და გვერდითი მოჭიდების ტესტებში.

ამასთანავე, Continental-მა თოვლში აჩქარებისა და წევის Michelin-ის იდენტური შედეგი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ადგილიდან დაძვრისას ან აღმართზე ასვლისას ის ამ უკანასკნელს არაფრით ჩამოუვარდება. დამატებითი პლუსია გორვის დაბალი ხახუნი, რაც საწვავის ეკონომიაზე დადებითად აისახება.

სუსტი მხარეები და დასკვნა

იდეალური საბურავი არ არსებობს და გამონაკლისი არც ეს გიგანტები აღმოჩნდნენ — Michelin-ის უარყოფით მხარეებს შორის დასახელდა ხმაურის შედარებით მაღალი დონე და კომპლექტის მაღალი ფასი, ხოლო Continental-ის უარყოფით მხარედ კვლევის ავტორებმა აკვაპლანირებისადმი შედარებით დაბალი მდგრადობა დაასახელეს.

ამავდროულად, პოპულარული Bridgestone WeatherPeak რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ახსენებს მძღოლებს, რომ მარტო AW სიმბოლო საბურავზე ავტომატურად ზამთრის იდეალურ მოჭიდებას არ ნიშნავს.

საბოლოო არჩევანი მძღოლის საცხოვრებელ კლიმატზეა დამოკიდებული: თუ თქვენს რეგიონში ხშირია თოვლი და ყინული, Michelin-ი უკეთესი არჩევანია, ხოლო თუ ზამთარი უფრო მეტად წვიმიანი და სველი ასფალტით ხასიათდება, Continental-ი იდეალურ ბალანსს შემოგთავაზებთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები