ძრავა, შიგაწვის ძრავა, ჩინეთი, სერვისი, ჯენერალ მოტორსი, ტემუ
Aa
Aa

აი, რატომ არ უნდა გამოწეროთ ავტომობილის ნაწილები Temu-დან...

ერთ დროს წარწერა Made in China იაფფასიანი და დაბალი ხარისხის პროდუქტის სინონიმი იყო. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ჩინური წარმოება სულ უფრო მაღალტექნოლოგიური ხდება, რისი დასტურიც ელექტრონიკისა და ავტოინდუსტრიის სექტორებია... თუმცა Temu ძველ სტერეოტიპს გულმოდგინედ იცავს და უხარისხო პროდუქტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს. ამ პლატფორმაზე თითქმის ყველაფრის იაფ და, როგორც წესი, დაბალხარისხიან ვერსიას იპოვით — მათ შორის General Motors-ის ლეგენდარული Vortec-ის ტიპის ცილინდრების ბლოკის თავებსაც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი საოცრად მიმზიდველია, არსებობს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ღირს ის ასე იაფი.

ერიკ ვაინგარტნერმა, რომლის კომპანია Weingartner Racing-ი სწორედ ცილინდრების ბლოკის თავების დამუშავებისა და ტუნინგის მიმართულებით სპეციალიზდება, ახლახან Temu-ზე შეძენილი Vortec-ის სტილის ბლოკის თავების კომპლექტი დეტალურად გამოცადა. შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რატომ გახდა სახელი Temu უხარისხო პროდუქტის სინონიმი.

კომპლექტი, აწყობილ მდგომარეობაში და ადგილზე მიწოდებით, სულ რაღაც $350 დოლარი ჯდება, რაც წარმოუდგენლად იაფია. როგორც ვაინგარტნერი თავის ვიდეო-მიმოხილვაში აღნიშნავს, თითოეული ასეთი დეტალის წონის გათვალისწინებით, ამ თანხის დიდ ნაწილს სავარაუდოდ მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ უშუალოდ თავების თვითღირებულება სასაცილოდ დაბალია — და ეს ხარისხზეც აშკარად აისახება.

ერთი შეხედვით, შემშვები და გამშვები არხები ნორმალურად გამოიყურება. თუმცა, წვის კამერები სტანდარტებს სრულადაა აცდენილი. იმ მომრგვალებული ფორმის ნაცვლად, რომელსაც ორიგინალ Vortec-ებში ან მაღალი ხარისხის „აფთერმარკეტ“ ვერსიებში შეხვდებით, Temu-ს დეტალზე წვის კამერები დამახინჯებულია. რეალურ სამუშაო პირობებში მისი ეფექტურობა ნულს უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ არხები ვიზუალურად ასე თუ ისე მისაღებად გამოიყურებოდა, ვაკუუმის ტესტი მხოლოდ გამშვებმა გაიარა. შემშვებ სარქველებს არ გააჩნია სპეციალური კუთხური დამუშავება ნაკადის გასაუმჯობესებლად, სარქველის ზამბარების სუსტი კონსტრუქცია და შეზღუდული დისტანციები კი მკვეთრად ზღუდავს იმ გამანაწილებელი ლილვების არჩევანს, რომელთა გამოყენებაც ამ თავებთანაა შესაძლებელი. ამ ხარვეზის ერთობლიობა ტესტში ჰაერის ნაკადის კატასტროფულად დაბალ მაჩვენებლებში გამოვლინდა.

შესაბამისად, თუ თქვენი ავტომობილის „ჯანმრთელობა“ თქვენთვის მნიშვნელოვანია, Temu-დან გამოწერილი ნაწილებით მას ნუ უმკურნალებთ...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    BYD-ის ახალი ელექტრომობილი 5 წუთში იმუხტება და 10 000 დოლარზე იაფია
    BYD-ის ახალი ელექტრომობილი 5 წუთში იმუხტება და 10 000 დოლარზე იაფია