2023 წლის X7 ახალი ცხვირითა და უფრო დახვეწილი ინტერიერით გამოჩნდა
საბაზისო X7-ს მეტი სიმძლავრე ექნება, ხოლო Alpina XB7 ფლაგმანის მაქსიმალური სიჩქარე 290კმ/სთ-ით განისაზღვრება.
BMW X7 - ყველაზე დიდი, თავდაჯერებული და გაყიდვადი SUV-ი ბავარიიდან - ოფიციალურად განახლდა. 2023 წლის X7-ს ახალი და სპორტული ცხვირი, შეცვლილი უკანა მხარე, დამატებითი სიმძლავრე, განახლებული სალონი და უახლესი ტექნოლოგიები აქვს.
მოდით, პირველ რიგში ამ მანქანის განახლებულ დიზაინზე ვისაუბროთ. BMW-მ გადაწყვიტა, რომ 2023 წლისთვის ტრადიციული მაშუქები ორად გაყოს. ორნაწილიანი განათება BMW-ს სრული ზომის მოდელებისთვის ახალი დამახასიათებელი შტრიხი იქნება. ასეთივე სტილით ვიხილავთ ელექტრო i7-ს, მეშვიდე სერიის სედანსა და XM „ქროსოვერს“.
X7-ზე დღის LED-ი განათება ბამპერისა და კაპოტის გამყოფ ხაზზე განათავსეს. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი, BMW-ს მიხედვით, X7-ის მაღალი ჯდომის პოზიციას უსვამს ხაზს. ქვედა სარტყელი ბამპერის დიზაინსაც უფრო მაღალს აჩენს. მუქ ფერში წარმოდგენილი მაშუქები კი თირკმლისებრი ცხაურის კონტურს უფრო ნათლად გამოყოფს.
სპორტული ხასიათის მქონე X7 M60i, ქრომის ნაცვლად, შავი აქცენტებითაა გაფორმებული. ამ ვერსიაში ცხაურა და ბამპერის თითქმის ყველა დეტალი შავ ფერშია შეღებილი. ასე ავტომობილს უფრო აგრესიული ვიზუალი ეძლევა. მეტი სპორტულობისთვის კი ცხაურაზე M-ის ემბლემაცაა გამოსახული.
ახალ დიზაინთან ერთად, X7-ს 14 ახალი ფერიც დაემატა. ზედა სურათზე გამოსახული xDrive40i Sparkling Copper Grey-ს ფერშია შეღებილი. M60i-ს კი Marina Bay Blue ამშვენებს. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ X7-ის საბაზისო მოდელები სტანდარტულად 21-იანი დისკებით იქნება აღჭურვილი. M ვერსიაზე კი 23-იანი დისკების დაყენების არჩევანიც იარსებებს.
მეტი სიმძლავრე
2023 წლის X7-ის შეძენა ზუსტად იმ აგრეგატებით იქნება შესაძლებელი, რითაც ის შარშან იყო წარმოდგენილი. საბაზისო მოდელი 3-ლიტრიანი ერთრიგა ძრავით იქნება აღჭურვილი, ხოლო შედარებით მძლავრი ვერსია 4.4-ლიტრიანი V8-თი. სიახლე ისაა, რომ ეს ორივე აგრეგატი 48 ვოლტიან „მაილდ-ჰიბრიდ“ დახმარებას მიიღებს, რაც ავტომობილის სიმძლავრეს 40 ცხენის ძალითა და 70 ნიუტონ მეტრით გააძლიერებს. შედეგად, საბაზისო X7 xDrive40i გზაზე 375 ცხენის ძალასა და 520 ნიუტონ მეტრს დაიტანს. 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 5.6 წამში შეძლებს.
V8, თავის მხრივ, სიმძლავრის ნამდვილი სადგურია. გასულ წელს M60i მოდელი 0-დან 100-მდე 4.5 წამში ჩქარდებოდა, რაშიც 523 ცხენის ძალა და 750 ნიუტონ მეტრი ეხმარებოდა. ახლა, განახლებული X7 M60i 630 ცხენის ძალასა და 800 ნმ-ს გამოიმუშავებს. შედეგად, მოდელი 0-დან 100-მდე 4 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 290კმ/სთ-ით იქნება განსაზღვრული. ასეთი დავალებების შესრულებაში დიდი როლს ითამაშებს უახლესი 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელსაც გაშვების კონტროლის ფუნქციაც ექნება.
დიდი ზომებისა და წონის გამო X7 M60i-ს Integral Active Steering-ი და Active Roll Stabilization-ი ექნება. xDrive40i-ზე ეს ყველაფერი არჩევითი იქნება, ისევე, როგორც Dynamic Handling პაკეტი. ყველა ეს სისტემა მანქანას მაღალ სიჩქარეზე მანევრულობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
8 შესანიშნავი ციფრია
ახალი X7-ში სახეცვლილი ინტერიერი და iDrive-ის განახლებული სისტემა დაგხვდებათ. 12.3-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფა 14.9-დუიმიან სენსორულ ეკრანთან არის გაერთიანებული და მძღოლის მხარეს არის შეტრიალებული. iDrive 8 კი საწვავზე მომუშავე BMW-ში პირველად ვიხილეთ. აქამდე ეს სისტემა iX-ზე და i4-ზე იყო ხელმისაწვდომი.
სალონის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ წინა კონტურული სავარძლები ახლა გათბობით სტანდარტულად იქნება წარმოდგენილი. წინა მოდელებში ეს ფუნქციონალი არჩევითი გახლდათ. M60i სტანდარტულად მიიღებს Extended Merino-ს ტყავში შეკერილ სავარძლებს.
რა ღირს ეს ეს ყველაფერი? 2023 წლის X7-ის xDrive40i-ის ფასი 78 845$-ით არის განსაზღვრული. შარშანდელ მოდელთან შედარებით მანქანა 2 000$-ით ძვირი ეღირება. უფრო მაღალი კომპლექტაციის, სპორტული და მძლავრი X7 M60i-ის ფასი კი 104 000$-დან დაიწყება.