2023 წლის Mercedes-Benz AMG C43-ს F1-ის სტილის ტურბინა და 400+ ცხენის ძალა აქვს
Mercedes-Benz-მა ახლახან განახლებული დიზაინის მქონე 2023 წლის C-Class-ი წარადგინა. Merc-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მოდელი, ტრადიციულად, სწრაფ ვერსიებსაც გვთავაზობს, რომლის შემუშავებაზე პასუხისმგებლობასაც AMG-ი იღებს.
მწარმოებელმა საბაზისო მოდელებთან ერთად 2023 წლის C 43-იც წარმოგვიდგინა. ახალი C 63 კი თავის რიგს კულისებში ელოდება. სავარაუდოდ, ამ უკანასკნელის დებიუტს რამდენიმე კვირაში ვიხილავთ.
იქამდე კი C 43 ყველაზე საინტერესო ვერსიად რჩება, რადგან ამ მანქანაში ბევრი სიახლეა. ყველაზე მთავარი კი 6-ცილინდრიანი ძრავის ახალი 4-ცილინდრიანით ჩანაცვლებაა, რომელიც 2 ტურბინითა და 48-ვოლტიანი „მაილდ-ჰიბრიდ“ სისტემითაა აღჭურვილი. ეს ის აგრეგატია, რომელიც ახლახან AMG-ს SL43-ში ვიხილეთ. ეს ნიშნავს, რომ მანქანა ელექტრიფიცირებულ ტურბინას იყენებს. ასეთ ტიპის ტურბინები კი Formula 1-ში გვხვდება.
ელექტრო ძრავა ტურბინასთან პირდაპირ არის ინტეგრირებული, რაც ტურბინის დაყოვნებას მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგად, აგრეგატი უფრო ფიცხი ხდება. F1-ში ელექტრო ძრავას გამშვები სისტემიდანაც შეუძლია ენერგიას აღდგენა. ეს სისტემა C 43-ში არ გვექნება, თუმცა ენერგიის რეგენერაციისთვის „მაილდ-ჰიბრიდ“ სისტემა გამოიყენება.
საბოლოო ჯამში, ეს ჭკვიანური და კომპლექსური სისტემა 402 ცხენის ძალისა და 500 ნიუტონ მეტრის გამომუშავების საშუალებას იძლევა. სიმძლავრე 9-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით 4-ვე ბორბალზე ნაწილდება. თუმცა, ძალის 69% უკანა ღერძზე მიდის. აგრეთვე, AMG-ი 4-ვე საბურავით მოხვევას სტანდარტულად გვთავაზობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ C 43 0-დან 100-მდე 4.6 წამში აჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-მდე ელექტრონულად იქნება შეზღუდული.
ძალოვან აგრეგატთან ერთად ვერსიაში დაკიდების სისტემა და ამორტიზატორებიც სრულიად არის განახლებული. მძღოლი Comfort, Sport და Sport+ რეჟიმებს შორის გააკეთებს არჩევანს, რომელიც AMG-ს Dynamic Select-ის ბერკეტით მარტივად მოხერხდება. შეცვლილია სამუხრუჭე სისტემაც. წინ 14.6-დუიმიანი დისკური მუხრუჭებია, რომელსაც 4-პისტონიანი სუპორტი უჭერს. უკან კი 12.6-დუიმიანი დისკური მუხრუჭები დაგხვდებათ. ავტომობილის წონა 1 745კგ-ით არის განსაზღვრული.
დრამატული ცვლილებებია სალონში. უზარმაზარი ეკრანი და მაჩვენებელთა დაფა საოცარ გამოსახულებებს გთავაზობთ. საჭეს ძალზედ სპორტული ფორმა აქვს, ხოლო კოკპიტზე კარბონი დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. აქვეა AMG-ს საფირმო ანატომური სავარძლებიც. Mercedes-მა ამ ეტაპისთვის ფასის გასაჯაროებაზე თავი შეიკავა.
გულის დაწყვეტა მოგვიწევს V8 ძრავის გულშემატკივრებისთვის. ახალი C 63-ის წარმოება ამავე 4-ცილინდრიანი ძრავით იგეგმება. მოწყობას დამატებით ელექტრო ძრავაც ექნება, რომელიც უკანა ღერთან განთავსდება. ჯამში კი მანქანას 600-ზე მეტი ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს.
სავარაუდოდ, 2022 წლის შემდეგ C კლასში V8 ძრავას ვეღარ ვიხილავთ.