Bugatti, Centodieci, EB 110
Aa
Aa

Bugatti-ს Centodieci-ის ინტერიერის შესაქმნელად 16 კვირა სჭირდება

Bugatti თავისი ლიმიტირებული გამოშვების მოდელებით სახელგანთქმულია. ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე მოდელი Centodieci-ა. ის Chiron-ზეა დაფუძნებული, თუმცა, ვიზუალურად EB 110 Super Sport-ს არის მიმსგავსებული. 

პირველი, რაც Centodieci-ის Chiron-ისგან გამოარჩევს სავარძლებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს Bugatti-ის სტანდარტული სპორტული სავარძლებია, მასზე ძვირადღირებული ტყავია გადაკრული და EB 110-ის სტილშია შესრულებული (ქვემოთ, პირველივე სურათი). ამ მოდელის მფლობელები თავის მისადებზე ნებისმიერი ლოგოს დატანას შეძლებენ. სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი EB-ი ლოგოებით დაამშვენეს.


Bugatti-ში მომუშავე თანამშრომლებს თითოეული სავარძლის შესაქმნელად 5 დღე სჭირდებათ. ეს პროცესი ტყავის დაჭრას, ნაწილებზე მორგებას, აწყობასა და საბოლოო შტრიხების შეტანას მოიცავს.



Centodieci-ის სავარძლები, ჭერი, ცენტრალური კონსოლი და ხალიჩა ჭადრაკის დაფის მსგავსი ნიმუშით არის შესრულებული. ასეთი ნიმუშით დამუშავებული დეტალების ერთმანეთზე მორგება კი მარტივი არ გახლავთ. Bugatti-ი ამ მოდელის სალონში ალუმინსაც დიდი რაოდენობით იყენებს. ინტერიერის თითოეული დეტალი, რომელსაც სიმყარე და სიმსუბუქე სჭირდება, ალუმინისგან არის დამზადებული.

მთელი ეს სამუშაო საკმაოდ შრომატევადია. კომპანიაში ამბობენ, რომ Centodieci-ის სალონზე მუშაობას 16 კვირამდე სჭირდება. დიახ, სრულყოფილი შედეგისთვის გამოცდილი ადამიანები 4 თვეს მხოლოდ ინტერიერის აწყობაზე ხარჯავენ.



„მომხმარებლები ჩვენგან უმაღლეს ხარისხს ელოდებიან. ჩვენ მათ იმედებს არასდროს ვუცრუებთ. ხარისხი დიზაინში, ვიზუალში, შეხებისას, აკუსტიკაში და სურნელშიც იგრძნობა. Bugatti-ის მოყვარულები კი ამ ავტომობილში მოხვედრისას EB 110-თან მსგავსებას მყისიერად დაიჭერენ“, - ამბობს Bugatti-ის ინტერიერის ინჟინერი, დირკ ბური.

კომპანიამ Centodieci-ის 10-ვე ეგზემპლარი შეკვეთების მიღების დაანონსებიდან რამდენიმე საათში გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ამ მოდელის საწყისი ფასი 8.3 მილიონი დოლარია. პირველი ეგზემპლარის მიწოდება კი მომდევნო კვირებში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები