KTM X-Bow GTX-ი ავსტრიის შეჯიბრზე მძიმედ დაიმტვრა
კამერამ ზუსტად დააფიქსირა მომენტი, როდესაც პილოტმა, დომინიკ ოლბერტმა, თავისი KTM X-Bow GTX-ი მძიმედ დაამტვრია. შემთხვევა ავსტრიაში, პოლაუბერგის აღმართის დაძლევის შეჯიბრზე მოხდა.
ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ გამოდის მოსახვევიდან ოლბერტი. მას მოსახვევში ოდნავ ზედმეტი სიჩქარით შესვლა მოუწია. უცებ მუხრუჭები ხისტად გამოიყენა, შემდეგ კი ფეხი ისევ აქსელერატორის სატერფულს დაადგა. შედეგად ავტომობილის კუდი მოწყდა, უკანა ბორბლები ბალახზე გადავიდა და მანქანა გზიდან გადავარდა.
KTM-ის უკანა საბურავების ბალახზე გადასვლის შემდეგ ავტომობილის გასწორება შეუძლებელი გახლდათ. მოწყვეტილი მანქანა პირდაპირ ბორცვისკენ წავიდა, რასაც მანქანა ცხვირით შეასკდა. ამ შეჯახებისგან მოდელს წინა მხარე მთლიანად გაუნადგურდა და ტრიალი უკონტროლოდ განაგრძო.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მარცხენა ბორბალი სავალ ნაწილებს გაძვრა. ჰაერში კი კორპუსის პანელების ნაფლეთები დაფრინავდა. მანქანა ინერციით იქვე მდგარი ფოტოგრაფების მიმართულებით გასრიალდა და ბოლოს გზის პირას გაჩერდა.
შემთხვევის შემდეგ გადაღებულ სურათზე კადრად ჩანს თუ როგორ დაიცვა კაბინა კარბონის მონოკოკმა და უსაფრთხოების კარკასმა. ამის დამსახურებაა ის, რომ ოლბერტი უვნებელი გადარჩა.
KTM X-Bow GTX-ი აღმართის დაძლევისთვის სრულად შესაბამისი მანქანაა. ის Audi Sport-ის წარმოშობის 2.5-ლიტრიანი ტურბინიანი 5-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 535 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ასეთი ძალის კონტროლი კი მარტივი არ გახლავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანქანის წონა 1 048კგ-ია.