Perodua, Kenari, კრახი
Aa
Aa

საუკუნის კრახი: Perodua Kenari

CrystalAuto-ზე უფრო დიდ ყურადღებას ძვირადღირებულ სპორტულ ან მდიდრულ ავტომობილებს ვუთმობთ. ეს არ ნიშნავს, რომ იაფფასიან, უპრეტენზიო და ქალაქის მანქანებს რაიმეს ვერჩით. სწორედ ამიტომ, დღეს 2000-იანებში გამოსულ Perodua Kenari-ზე მოგიყვებით, რომელიც ზედმეტად იაფფასიანი და უპრეტენზიო მოდელი გახლდათ.

გასული საუკუნის მიწურულს, მალაიზიაში დაფუძნებულმა დამწყებმა კომპანიამ მანქანის შექმნა გადაწყვიტა. მათ პარტნიორობისთვის იაპონურ ავტოინდუსტრიას მიმართეს. რამდენიმე თვეში კი ნამუშევარიც ვიხილეთ.

Daihatsu Move-ს „ქეი“ მანქანაზე დაფუძნებული Kenari, თავისი ზომისთვის, საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილი ჩანდა. დიახ, მანქანას უპროპორციო დიზაინი და უცნაური გაბარიტები ჰქონდა, მაგრამ დატვირთულ ქალაქში გადასაადგილებლად ოჯახს იდეალურად უნდა მომსახურებოდა. მიმზიდველი იყო ფასიც. სრულად მისაღები გახლდათ შენახვის ხარჯებიც. თუმცა, ამ გამოწურულ დადებით მახასიათებლებს ბევრი უარყოფით წონიდა.

Kenari-ს დიდი პრობლემა მართვადობა იყო. 880კგ-იანი მოდელის დაკიდების სისტემა იმდენად პრიმიტიული კონცეფციის იყო, რომ გადაადგილებისას სალონში ყველაფერი იგრძნობოდა. ამ ავტომობილით ვარაზისხევის ქვაფენილზე ერთხელაც ვერ ახვიდოდით, რადგან თავისა და ზურგის ტკივილი მყისიერად დაგეწყებოდათ. თუმცა, საკითხავია ახვიდოდით თუ არა ჩვეულებრივ აღმართზე იმ შემთხვევაში, თუ დამატებით ოთხ მგზავრსაც ჩაისვამდით.


Kenari-ს 0.9-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 41 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სიმძლავრეს უკანა ღერძზე 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი ანაწილებდა. დიახ, ჩვენც ამას ვფიქრობთ - რაში სჭირდებოდა ამ მანქანას 5 სიჩქარე? სიმძლავრის ნაკლებობის გამო ბევრი მძღოლი უკმაყოფილო დარჩა. შედეგად, მეორეული Kenari ძალზედ იაფად იყიდებოდა.

მეორე პრობლემა იყო მისი ვიზუალი. შეხედეთ მის ცხვირსა და გამოხედვას - მანქანა წუხს, რომ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ის არაკომფორტული და მახინჯი იყო, Perodua მას 2009 წლამდე უშვებდა. 2003 წელს მათ ჰიბრიდული მოდელიც შექმნეს. მანქანას 0.6-ლიტრიანი ძრავა და ერთი ელექტრო ძრავა ჰქონდა. ჯამში ეს ძალოვანი აგრეგატი 66 ცხენის ძალასა და 100 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ვერსია წარმოებაში არ ჩაშვებულა.

რომელია ყველაზე ცუდი მანქანა, რომელსაც გიტარებიათ? გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები