Aa Aa
18 ივნისი 2022  |  13:46

2023 წლის BMW M3 Touring-მა უნივერსალების რეკორდი დაამყარა

BMW M3 Touring-ის სხვადასხვა ანონსები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. ამ კვირაში კი კომპანიამ ახალი ვიდეო და ინფორმაციაა გაასაჯაროვა. ბავარიელები აცხადებენ, რომ მათი ახალი სპორტული უნივერსალი ნურბურგრინგის წრეს 7:35.060-ში ფარავს.

ეს ნიშნავს, რომ BMW-მ „მწვანე ჯოჯოხეთის“ ახალი რეკორდი, უნივერსალი ავტომობილების კლასში დაამყარა. კომპანიის გეგმა სწორედ ეს იყო. აღსანიშნია ისიც, რომ M3 Touring-მა უკეთესი შედეგი დააფიქსირა ვიდრე მეორე თაობის Acura/Honda NSX-მა, BMW M5 Competition-მა (F90) და Lamborghini Gallardo LP 570-4 Superleggera-მ.



M3 Touring-ის ოფიციალური დებიუტი 23 ივნისს გაიმართება. ის M3 სედანის ნაკვალევს მიჰყვება, რაც აგრესიულ წინა სარტყელში, უზარმაზარ შემშვებ არხებში და დაკუნთულ ფორმებში ვლინდება. ასევე, უნივერსალს დაბერილი კაპოტი, აეროდინამიკური სარკეები და 4 მაყუჩი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სრული დეტალები ჯერ გასაჯაროებული არ არის, სავარაუდოა, რომ M3 Touring-ი მხოლოდ Competition-ის კომპლექტაციისაა და სრულად ამძრავი სისტემით გამოვა. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მანქანა 503 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. M3 Competition xDrive-ი 0-დან 100-მდე 3.4 წამში ჩქარდება. სავარაუდოა, ისიც, რომ Touring-ი ამ მონაცემითაც განსხვავებული იქნება.

აღსანიშნია ისიც, რომ M3-ის უნივერსალ ვერსიას ამერიკაში ვერ შეიძენენ.

გაზიარება: