Aa Aa
24 აპრილი 2020  |  22:52

ახალი გამოწვევა ბავარიელებისთვის: Alfa Romeo Giulia Quadrifoglio vs BMW M4 Competition Pack

ეს ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დებატების გამომწვევი კონკურენტები გახლავთ. ამის მიზეზი ძალიან ბევრია. ორივე ავტომობილი ერთ კლასს და ერთ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება, ორივე უკანაწამყვანია და ორივეს ძალოვანი აგრეგატი 6-ცილინდრიანი "ტვინ-ტურბო" ძრავაა.

დღეს ჩვენ ამ ორი ავტომობილის დეტალურ შედარებას წარმოგიდგენთ, რომლის განმავლობაში BMW-ს და Alfa Romeo-ს ყველა ასპექტს შევეხებით, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოვავლენთ.

დავიწყოთ BMW-ს ყველაზე პოპულარული სპორტული მოდელით. M3/M4-ის მოყვარულები იციან, რომ ეს ორი მოდელი აბსოლუტურად იდენტურად იმართება, ორივე ერთნაირად მოქნილია. მათ შორის განსხვავება დაკიდების სისტემაშია, რომელიც სედანის შემთხვევაში ოდნავ უფრო ხისტია, რათა 20 კილოგრამის სხვაობა აანაზღაუროს.

დღეს M4 Competition Pack-ს განვიხილავთ, რადგან მას და უფრო ძვირიანი Giulia-ს მონაცემებს შორის ნაკლები სხვაობაა.

Competition Pack 3700$-იანი დანამატია, რომელიც იმავე 3.0-ლიტრიანი მწკრიული განლაგების ძრავისგან 425 ცხენის ძალის ნაცვლად, 444 ც.ძ.-ს გამოიმუშავებს. ამის ხარჯზე 0-100-მდე აჩქარების დროც 0,1 წამით შემცირდა და ზუსტად 4 წამი გახდა. 549 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი უცვლელი დარჩა და 1 850 ბრუნიდან არის ხელმისაწვდომი.

პაკეტში გადამუშავებული დაკიდების სისტემა შედის. დაკიდების ადაპტირებადი რეჟიმებიც შეიცვალა. გარდა ამისა, დიფერენციალის ქცევა შეცვალეს: თუ ადრე მოსახვევიდან აჩქარებისას ავტომობილის უკანა ნაწილი წყდებოდა, ახლა ის საბურავების კვამლით მოსახევიდან გვერდულად აღარ გამოდის. მცირე ცვლილებები ინტერიერშიც არის. იგი უფრო მსუბუქი, მეტად კომფორტული და უკეთესი გვერდითა დამჭერების მქონე სავარძლებით აღიჭურვა. ეს ყველა ერთი შეხედვით უმნიშვნელო განახლება ჯამში მძღოლს გამბედაობას უმატებს, რომ ავტომობილის რეალური პოტენციალი უშიშროდ შეიგრძნოს.

ქარხნულად Competition Pack-ს 20-იანი შავი დისკები მოყვება, რომელიც წინ 265/30 და უკან 285/30 ზომის საბურავებით არის შეფუთული. რაც არ უნდა კარგად ჟღერდეს და ლამაზად გამოიყურებოდეს, ამ დისკების პრაქტიკულობა 0-ის ტოლფასია. ამ დისკების ყოლის ეიფორია ძალიან მალე გაგივლით. სიარული ძალიან უხეში და არასასიამოვნოდ ხისტი ხდება ამიტომ ჩვენ სტანდარტულ 19-იან დისკებს გირჩევთ. ისინი 10 მმ-ით უფრო ვიწრო არის, მაგრამ ქალაქის პრიობებში ავტომობილის მოქნილობაზე არანაირად აისახება.

BMW M4 Competition Pack-ის წონა 1 572 კილოგრამია და ფასი 73 850$-დან იწყება.

თუ ამ ორ ავტომობილს შორის არჩევანს მხოლოდ ფასზე დაყრდნობით გააკეთებთ, მაშინ 74 445$-იანი Giulia Quadrifoglio თქვენს ბიუჯეტში ვერ ჩაეტევა. მაგრამ დაფიქრდით, სულ რაღაც 600$-ის სხვაობით თქვენ 59 ცხენის ძალით და 50 ნმ მაბრუნი მომენტით უფრო მძლავრ და 48 კილოგრამით უფრო მსუბუქ ავტომობილს შეიძენთ. „ალფას“ შასი ალუმინისა და ფოლადისგან არის დამზადებული და დიფერენციალი საჭიროების მიხედვით მაბრუნი მომენტის 100%-ს მხოლოდ ერთ თვალზე გადაანაწილებს.

ავტომობილი ZF-ის -სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი, თუმცა ნამდვილი ავტოენთუზიასტებისთვის 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევანიც არსებობს. 2,9-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ ძრავა, „ფერარის“ გამოცდილების და ტექნოლოგიების გამოყენებით არის აწყობილი. „ალფას“ წინ 245/35 და უკან 285/30 ზომის საბურავები აქვს და ქარხნულად 19-იანი დისკებზე დგას.

შესამჩნევი განსხვავებები ინტერიერშიც ისახება, განსაკუთრებით საჭეებში, რომელთნ ყოველდღე შეხება გიწევთ და ავტომობილის ყოლის გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. BMW-ს საჭე უფრო მსხვილი და რბილია, Alfa-ს საჭე წვრილია და უფრო მძიმედ ტრიალებს. ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთების დროს დიდი როლი გემოვნებას უკავია. თუ ჯერ გადაწყვეტილი არ გაქვთ და BMW-ს საჭეს ამჯობინებთ, შეცდებით. მისი სისქის გამო, ავტომობილის ქცევა ნაკლებად იგრძნობა და მისი დაჭერა საკმაოდ რთულია, „ალფას“ მართვა, საჭის გამო უფრო დელიკატური და ზუსტია.

ორივე ავტომობილი მძღოლის კარგი პოზიციით გამოირჩევა. დიდ დისტანციებზე მოგზაურობით არ დაიღლებით. Giulia-ს ინტერიერი უფრო მარტივია, „ალფამ“ გადაწყვიტა, რომ ინფორმაციულ-გასართობი სისტემა ფუნქციურად გადატვირთული არ ყოფილიყო, იგივე მაჩვენებელთა დაფასაც ეხება. საჭირო მონაცემების გარჩევა ძალიან მარტივია, ნავიგაციის გამოყენებისას გზა არ აგერევათ და სხვაგან არ მოუხვევთ, რადიო ტალღების შეცვლა ფიზიკოსის დიპლომს არ მოითხოვს.

BMW-ს ინფორმაციულ-გასართობ სისტემასაც თავისი ძლიერი მხარეები აქვს - ყველაფერი ძალიან კარგად იერარქიულად არის დალაგებული, როგორც გერმანელებს სჩვევიათ. არის ერთი ასპკექტი, სადაც გერმანულ ბრენდს საგრძნობი უპირატესობა აქვს - მასალების და ინტერიერის აწყობის ხარისხი. BMW-ს ეტყობა, რომ $70,000-ზე მეტი გაქვთ გადახდილი, „ალფაში“, სამწუხაროდ, არა.

„ალფას“ სალონის ხარვეზები ასატანია, რადგან არც თუ ისე შეურაცხმყოფელია, მაგრამ ცენტრალური კონსოლის ეკრანი და გადაცემათა სახელური ნამდვილად უკეთეს ხარისხს იმსახურებს. განა ცუდად გამოიყურებიან, უბრალოდ მათი გამოყენება იაფფასიანობის ძალიან ცუდ შეგრძნებას გიტოვებთ, რადგან მჭიდროდ არ არის მორგებული და ეს დეტალები ცოტა მოძრაობს, რაც ამ ფასის მქონე ავტომობილს არ უნდა ახასიათებდეს.

პრაქტიკულობის საკითხის განხვილვას არ დავიწყებთ, ორივეს საბარგუში ბევრი რამეს დატევაა შესაძლებელი და სალონში 4 მგზავრი უპრობლემოდ ეტევა. თუმცა კუპეს უკანა სავარძლებზე მსხდომი მგზავრების მანქანიდან გადმოსვლა ზოგიერთ შემთხვევაში კურიოზულიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამისთვის M3-ის სედანი არსებობს, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო სოლიდურად და აგრესიულად გამოიყურება.

გადავიდეთ მართვაზე. „ალფა“ საგრძნობლად სწრაფია, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან BMW-ზე მსუბუქი და მძლავრია. BMW ძრავების სიმძლავრით და ამ სიმძლავრის წამყვან თვლებზე გადანაწილების მანერით ყოველთვის გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტომობილის ძრავა ორივე „ტვინ-ტურბოა“, მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა და ეს სხვაობა მათ ქცევაში და მუშაობაში იკვეთება.

BMW-ს ძალიან ძლიერი ბრუნის ქვედა დიაპაზონი აქვს, მაგრამ ბრუნის ზრდასთან ერთად მაბრუნ მომენტში საგრძნობ სხვაობას ვერ გრძნობთ. ერთადერთი, რაც იცვლება ძრავის ჟღერადობაა, ისიც 5 500 ბრ/წთ-ს თუ გადაცდებით. ეს არასაკმარისი მიზეზია, რომ მანქანა მაღალ ბრუნზე აწვალო.

„ალფას“ შემთხვევაში ყველაზე გულდასაწყვეტი ძრავის ბრუნის მცირე დიაპაზონია: 6 800 ბრ/წთ-ზე უკვე შემდეგ სიჩქარეში გადართვას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, სწორზე BMW-ს მაინც ასწრებს. M4-თან შედარებით, Giulia-ს ძრავა უფრო გვიან, 3 000 ბრ/წთ-იდან ცოცხლდება და ტურბო კომპრესორების მუშაობა მეტად იგრძნობა.

BMW „ალფას“ ძრავის მაღალ ბრუნზე მუშაობას ვერ შეედრება. იტალიური სედანი ჰედონისტურია, უფრო მკვეთრად ცვლის ხასიათს და გამონაბოლქვის სისტემის ჟღერადობა უფრო სასიამოვნოა. ციფრები გვეუბნება, რომ „ალფას“ 100კმ/სთ-მდე აჩქარება BMW-ზე 0,1 წამით ნაკლებია, მაგრამ არ უნდა გავიწყდებოდეთ, რომ ბავარიულ სპორტქარში ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფია, რომელიც სიჩქარიდან სიჩქარეში უფრო მალე რთავს. Alfa-მ გადაწყვიტა, რომ მათი ავტომობილი ისედაც სწრაფი იყო, ამიტომ ორგადაბმულობიანი „პრობლემებით“ თავი აღარ შეიწუხა და სტანდარტული ავტომატური გადაცემათა კოლოფი გამოიყენა.

შეიძლება გაიფიქროთ, რომ ტრანსმისიის ხარჯზე BMW ჯობია, მაგრამ მასე არ არის. ერთი სიჩქარიდან მეორეში მართლაც უფრო სწრაფად გადააქვს, მაგრამ მძღოლის მიერ სიჩქარის გადართვის ღილაკზე დაჭერასა და რეალურ ქმედებას შორის პატარა შეყოვნებაა. და BMW-ს კიდევ ერთი პრობლემა აქვს, ასფალტის საფართან ჭაჭიდება, რომელიც სიჩქარეების გადართვის დროს უცნაურად იკარგება და ავტომობილის კონტროლის დაკარგვა საკმაოდ მარტივია.

„ალფას“ ZF ტრანსმისიის შესაძლებლობების კარგად არ ესმის, ამიტომ თუ ავტომობილის მართვისგან სიამოვნების 100% მიიღოთ, ჯობია მექანიკური გადაცემის ვერსია აიღოთ.

საინტერესოა მართვის სტილზე ავტომობილის მორგების შესაძლებლობები. BMW-ს ყველა კომპონენტის: ძრავის, დაკიდების სისტემის, საჭისა და გადაცემათა კოლოფის მორგება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ. თითოეულისთვის ცენტრალურ კონსოლზე ღილაკი არის გამოყოფილი და მათი პარამეტრების ცვლილება თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ.

„ალფას“ 4 რეჟიმი აქვს და მათ როტორული ტიპის გადამრთველით ირჩევთ. ავტომობილის მორგება ავტომატურად, ქარხნული პარამეტრების გათვალისწინებით ხდება. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ სპორტული მაყუჩი, რომელსაც სასწაული ხმა აქვს, მხოლოდ „რბოლის“ რეჟიმში აქტიურდება და ამავდროულად ჩაჭიდების კონტროლი სრულად ითიშება.

თქვენ კი სპორტული მაყუჩის ხმის მოსმენა ყოველთვის გსურთ, მაგრამ იმის გამო, რომ შუქნიშნიდან დაძვრისას დაბუქსავებისგან საბურავები არ გაანადგუროთ, შემთხვევით არ მოწყდეთ და ავარიაში არ მოხვდეთ, „რბოლის“ რეჟიმსა და სპორტული მაყუჩის ჟღერადობაზე ქალაქის პრიობებში უარის თქმა მოგიწევთ.

იმაში, რომ უკანა ნაწილი მოწყდება, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რადგან Giulia Quadrifoglio-ს 600 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ჩაჭიდების მქონე Pirelli P Zero Corsa-ს საბურავები მას ვერ ერევა.

როგორც უკვე ვახსენეთ, M4 Competition Pack უფრო მორჩილია და სტანდარტულ M4-თან შედარებით უკანა ნაწილს ნაკლებად იქნევს, მაგრამ მისი დამორჩილება, დაკიდების სისტემის ყველა განახლების მიუხედავად, მძღოლისთვის კარგი გამოწვევაა.

ცალკე აღებული M4 კარგად დაბალანსებული ავტომობილია. მოსახვევში მაღალი სიჩქარით შესვლისას ძარა ძალიან არ იხრება და ინერციას კარგად ინარჩუნებს, მაგრამ „ალფასთან“ შედარებით უფრო ზლანტი და ნაკლებად დამორჩილებადი მოგეჩვენებათ. იტალიური სედანის უფრო მოკლე მოხვევის ღერძია, რომელიც სიჩქარის უკეთეს შეგრძნებას და ავტომობილის სწრაფ უკუკავშირს განაპირობებს. მიუხედავად ამისა, „ალფა“ უფრო სტაბილურია და BMW-სთან შედარებით, ავტომობილის შესაძლებლობების პიკზე ტარებისას უფრო მეტ შეცდომას გპატიობთ.

შეჯამებაში ვიტყვით, რომ Giulia-ს შედარებით რბილი ზამბარები აქვს, რაც ყოველდღიურ გამოყენებაში მეტ კომფორტს გიქმნით. ცუდად მორგებული ინტერიერის პანელების და ღილაკების გამო, სალონი BMW-ზე ნაკლებად ხმაურიანი არაა და ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ცოტა დაგღლით, მაგრამ ქალაქში Alfa უფრო წყნარი და მშვიდია, მოხვევის კუთხეც გაგაოცებთ.

მართვასა და მოქნილობასთან დაკავშირებით ერთი კითხვა ჩნდება, Alfa-ს უპირატესობა რამდენად დამოკიდებულია საბურავებზე. BMW-ს საბურავები ცუდი არაა, მაგრამ ჩაჭიდების კოეფიციენტით მისი Michelin Pilot Super Sport-ები Giulia-ს „პირელის“ ვერ შეედრება. დარწმუნებული ვართ, რომ აბსოლუტურად იდენტური საბურავების შემთხვევაშიც კი Giulia Quadrifoglio M4-ს აჯობებდა, რადგან უფრო ზუსტი და მეტად კონტროლირებადი ავტომობილია. BMW-სთან შედარებით, „ალფას“ ყველა კომპონენტი - მოხვევა, უკანა ხიდი, დიფერენციალი, შასი, ძრავა - ერთმანეთთან უკეთესად არის შერწყმული და მორგებული. Giulia უფრო მარტივი და მეტად სასიამოვნო სატარებელი ავტომობილია.

ერთადერთი რაც Alfa Romeo-ს ყიდვისგან შეიძლება შეგაყოვნოთ, მისი სანდოობის რეპუტაციაა.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

 

გაზიარება: