ფორმულა 1-ის ლეგენდა 1992 წლის Ferrari-ს ყიდის
ფორმულა 1-ის ფრანგმა ლეგენდამ, ჟან ალეზიმ, რომელიც F1-ში 12 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, თავისი Ferrari F92A-ს გაყიდვა გადაწყვიტა, რომლითაც 1992 წელს ასპარეზობდა.
ბოლიდი, რომელიც მრბოლელის ავტო კოლექციაში 30 წელზე მეტია ირიცხება, აუქციონზე 2026 წლის იანვარში გამოვა.
თუ ყიდვას გადაწყვეტთ (წარმატებები), გეტყვით, რომ ეს მოდელი 1992 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ის ფრანგ ლეგენდას აჩუქეს, არავის უტარებია — ავინიონის მახლობლად, ალეზის მდიდრულ სახლში დააყენეს და მას შემდეგ იქ არის.
რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ის ბოლიდი არ არის ერთადერთი იშვიათი ფერარი მრბოლელის კოლექციიდან. მას F40 ჯერ კიდევ 1990 წელს აჩუქეს, როცა იტალიურ საჯინიბოს შეუერთდა (არ არის ტირელიდან გადმოსული მძღოლისთვის ცუდი საჩუქარი, არა?) — ეს უკანასკნელი ალეზიმ 2020 წელს გაყიდა, რათა Formula 2-ში შვილის კარიერა დაეფინანსებინა.
F92A — მოგონება ბნელი წარსულიდან
სკუდერიას სტაჟიან ქომაგებს Ferrari F92A მხოლოდ არასასიამოვნო მოგონებებს გაუცოცხლებს — 1991 წელი საჯინიბოს შიგნით უპრეცედენტო დაპირისპირებითა და ქაოსით გამოირჩა, რასაც ლეგენდარული ალენ პროსტის გუნდიდან წასვლა მოჰყვა.
შედეგად, ალეზი 1992 წლის სეზონში ლიდერად "დაწინაურდა" — სამწუხაროდ, F92A-ს სახით, წინ დიდი იმედგაცრუება ელოდა...
ბოლიდის აეროდინამიკის განვითარებას ინჟინრებმა დიდი დრო დაუთმეს და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს, თუმცა გუნდი V12 ძრავს გულგრილად მოეპყრო, რამაც, საბოლოოდ, ტრასაზე კატასტროფული პროდუქტის მოხვედრა გამოიწვია. წვის კამერაში ზეთი ჟონავდა და თანდათან ახალ-ახალი პრობლემები იჩენდა თავს, რის შედეგადაც, ალეზი და მისი თანაგუნდელი, ივან კაპელი, მთელი სეზონი განმავლობაში პირდაპირ კონკურენტებზე 40-50 ცხენის ძალით ნაკლებად მძლავრი ბოლიდით ასპარეზობდნენ.
ალეზიმ იმ სეზონში 16 რბოლიდან 10 DNF-ით დაასრულა (ანუ, ვერ დაასრულა...)
ახლა კი, დროა მრბოლელი ბნელი მოგონებებისგან გათავისუფლდეს და ბოლიდი კოლექციონერებს დაუთმოს.