Renault Megane-ის ბედი უცნობია: ელექტრომობილები უფრო მნიშვნელოვანი ხდება
Aa
Aa

Renault Megane-ის ბედი უცნობია: ელექტრომობილები უფრო მნიშვნელოვანი ხდება

Megane „რენოს“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, რომლის პირველი თაობის გაყიდვები 1995 წელს დაიწყო და თითქმის ყველანაირი ძარის ვერსია ჰქონდა, რათა მომხმარებლის მოთხოვნებს უკეთ მორგებოდა. დღეს ამ მოდელს ბრძოლა ყველაზე პოპულარულ კომპაქტური ავტომობილების კლასში უწევს, ჯერჯერობით წარმატებულად. რა თქმა უნდა, წარმატება ფარდობითია და ფრანგულ მწარმოებელს მიღებული ციფრები არ აკმაყოფილებს. „რენო“ აცხადებს, რომ 2010 წელს ევროპაში სულ რაღაც 465 732 „მეგანი“ გაიყიდა და ასეთი დაბალი მაჩვენებლის გამო, შესაძლოა ამ მიმზიდველ მოდელს ძალიან მალე დავემშვიდობებით, ისევე როგორც მის „ცხელ“ RS ვერსიას.

„რენოს“ დიზაინის დეპარტამენტის უფროსი ლორენს ვან დენ აკერის თქმით, ფრანგული ავტომწარმოებელი რესურსების განაწილების პრიორიტეტებს ცვლის. Megane-ის შემუშავება-განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი სხვა „უფრო დამაჯერებელ პროექტებზე გადანაწილდება“. ელექტრომობილების განვითარების ეპოქაში და „მეგანის“ დაბალი გაყიდვების გამო, რომელიც 2010 წლის მაჩვენებლეთან შედარებით, 2019 წელს ფაქტობრივად განახევრდა და 209 845 ერთეული შეადგინა, მისი წარმოების შეწყვეტა უფრო მიზანშეწონილი ხდება.

„როდესაც მოდელების ჩამონათვალში ელექტრომობილების დამატებას დავიწყებთ, ცხადია, რომ სხვა ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმა მოგვიწევს, რადგან ერთდროულად ამდენ პროექტს ვერ გავწვდებით,“ - ახსნა ვან დენ აკერმა. „Megane ისეთ სეგმენტს მიეკუთვნება, რომლიც ყველაზე დიდი წნეხქვეშ იმყოფება. კომპანიამ ფული იქ უნდა დააბანდოს, სადაც ბაზრის მომავალი ისახება.“

წლის დასაწყისში Megane-ის განახლებული დიზაინის და plug-in ჰიბრიდის მოდელის წარდგენამ შეიძლება „რენოს“ სიტუაცია შეცვალოს და „მეგანის“ წარმოების შეწყვეტა გადაავადონ.

მსგავსი სიახლეები