Tesla-ს ყველაზე დიდი, მომავლის დასამუხტი სადგური ელექტრომობილებისთვის
ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Oasis Supercharger-ი გამოუშვა. როგორც თავად უწოდებს მომავლის დასამუხტი სადგური, რომელიც სხვა არცერთ არსებულ Supercharger ობიექტს არ ჰგავს.
ახალი Oasis Supercharger-ი კალიფორნიაში ჯერ კვლავ ნაწილობრივ ფუნქციონირებს. სრულად გახსნის შემდეგ კი, მსოფლიოში ყველაზე დიდი Supercharger იქნება და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პირველი ობიექტიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Tesla-ს ახალ ობიექტს საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს და შეუძლია ქსელის გარეშე, სრულად დამოუკიდებლად იმუშაოს.
როდესაც Tesla-მ აშშ-ში Supercharger სადგურების განთავსება დაიწყო, განაცხადა, რომ ზოგიერთი ობიექტისთვის მზის პანელებსა და აკუმულატორებს დაამატებდა ისე, რომ მათ დამოუკიდებლად, ქსელთან კავშირის გარეშე მუშაობა შეძლებოდათ. გამოდის, კომპანიამ ეს დაპირება შეასრულა და ეს სწორედ, Oasis Supercharger-ის საშუალებით მოახერხა.
პირველი ნაწილი, რომლითაც საზოგადოებას სარგებლობა შეეძლება, 84 დასამუხტ პუნქტს აერთიანებს, რომლებიც მზის ენერგიაზე, დამოუკიდებლად, იმუშავებენ. დასრულების შემდეგ, Oasis Supercharger-ში 168 პუნქტი იქნება განთავსებული და ძირითადად თითოეული მათგანი მზის პანელებსა და Megapack ენერგიის დაგროვების აკუმულატორებს გამოიყენებს. თუმცა ასევე ზოგიერთის შემთხვევაში 1.5-მეგავატიანი ქსელთან კავშირი შენარჩუნდება.
საერთო ჯამში, მზის ენერგიის ელექტროსადგური 30 ჰექტარ მიწას მოიცავს და 11-მეგავატიანი მიწაზე დამონტაჟებული მზის პანელებისგან შედგება. მზის ჩასვლის შემდეგ, ელექტრომობილების დასამუხტად, Oasis Supercharge 10 ცალ Megapack აკუმულატორს გამოიყენებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 1 000 ელექტრომობილის დასამუხტად საკმარის სიმძლავრეს შეინახავენ.