„Cybertruck-ის მძღოლი ცოცხლად დაიწვა“ | Tesla-ს ფატალურად დასრულებული ავარია
გასულ წელს, ტეხასში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, Tesla Cybertruck-ის მძღოლი ემსხვერპლა. ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მგზავრი კი ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, დაღუპულის ოჯახმა ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ოჯახის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ მძღოლმა ელექტრომობილიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო და „Cybertruck-ში ცოცხლად დაიწვა“. სარჩელის მიხედვით, 100 000 დოლარის ღირებულების უჟანგავი ფოლადის პიკაპის აკუმულატორები ისეთი ინტენსივობით აალდა, რომ „უმწეო მძღოლის ჩონჩხის სისტემა ფაქტობრივად დაიშალა“.
47 წლის მაიკლ შეჰანი „2 760°C-ს ტემპერატურაზე დაიწვა - ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ დაღუპულის ძვლებმა თერმული მოტეხილობა განიცადა“, - ნათქვამია სარჩელში. როგორც ოჯახოს ადვოკატი აზუსტებს, დაღუპულის ჩონჩხი, მის რეალურ სიმაღლეზე, 20 სანტიმეტრით დაბალი იყო, რაც თერმულ მოტეხილობაზე მიანიშნებს.
თუმცა, შიჰანი, რომელიც 2023 წლის ნოემბერში მოდელის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ პირველი ადამიანი იყო, რომელიც Cybertruck-ის ავარიაში დაიღუპა, წესით უნდა გადარჩენილიყო. თუმცა, ოჯახის მტკიცებით, Cybertruck-ი დეფექტიანი იყო, რის გამოც ელექტრომობილის კარები ჩაიკეტა და მძღოლი მანქანაში ცოცხლად დაიწვა.
შიჰანის გარდაცვალებიდან 10 თვის განმავლობაში, ადვოკატი Tesla-სთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, რათა სასამართლო პროცესები თავიდან აეცილებინა, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.
შიჰანმა ტეხასის შტატის ქალაქ საიპრესში მდებარე Tesla-ს შოურუმიდან ახალი Cybertruck-ი 2024 წლის 25 აპრილს შეიძინა. სულ რაღაც 102 დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც შიჰანი სახლში ბრუნდებოდა, Cybertruck-ი „გზიდან გადავიდა“ და დიდ ბეტონის არხს შეეჯახა. ოჯახმა რაიონულ სასამართლოში სარჩელი 13 ივნისს შეიტანა.
Tesla-ს დაღუპულის ოჯახის ბოლო ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.