Aa Aa
26 ივლისი 2022  |  09:49

Apocalypse Juggernaut - მანქანა აპოკალიფსისთვის

რამდენიმე დღის წინ CrystalAuto-ს პორტალის ვიდეოების განყოფილებაში Apocalypse Manufacturing-ის ახალი ქმნილების კადრები განვათავსეთ. ვიდეოს საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა (იხილეთ ქვემოთ). ასეთი დაინტერესების გამო კი გადავწყვიტეთ, რომ ამ მოდელზე მეტი მოგითხროთ.

Apocalypse Manufacturing-ის მოდელებზე სტატიები მრავალჯერ დაგვიწერია, თუმცა, მათი უახლესი 6x6 გარდასახვა ყველასგან გამორჩეულია. Juggernaut 6x6-ის სახელით შექმნილი ავტომობილი Ram 1500 TRX-ზეა დაფუძნებული.


კომპანია მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებებს არ ახორციელებს. ინჟინრებმა 702-ცხენისძალიანი 6.2-ლიტრიანი V8-დან 850 ცხენის ძალის მიღება შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ მანქანას 9 000 კგ-ის ბუქსირება შეუძლია. დამატებითი ღერძისა და ფოლადის ბამპერის დამონტაჟების შემდეგ მოდელი TRX-ის მსგავსი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის. ქარხნული TRX-ი 100კმ/სთ-ს 4.5 წამში აღწევს. მეგობრებო, უზარმაზარ პიკაპზე გვაქვს საუბარი!

850 ცხენის ძალა Juggernaut-ის მუდმივად მომუშავე სრულად ამძრავ სისტემაზე თვითბლოკირებადი დიფერენციალის დახმარებით ნაწილდება. 22-იან დისკებზე კი 40-დუიმიანი საბურავებია გადაკრული. დისკისა და საბურავების ასეთი კომბინაციით Juggernaut-ის სიმაღლე 223 სმ-ს აღწევს. მისი სიგანე 248სმ-ს, ხოლო სიგრძე 6.9 მეტრს შეადგენს. არა, ეს ავტომობილი თქვენს ფარეხში არ დაეტევა.

Apocalypse-ი სალონში საკმაოდ კომფორტულია. ინტერიერში ტყავის სავარძლები, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა და პანორამული ჭერია. სალონში მოსახვედრად კი ელექტრო საფეხური დაგეხმარებათ, რომელიც კარის გაღებისას მიწისკენ იწევა. ასეთი გაბარიტული ავტომობილის სამართავად 360-გრადუსიანი ხედვის კამერები დაგეხმარებათ.


თუ ამ მოდელის შეძენით დაინტერესდით გეტყვით, რომ მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ. Apocalypse Juggernaut-ის ფასი 300 000$-დან იწყება, რაც კომპანიის წინა მოდელებზე თითქმის 50 000$-ით ძვირია.

გაზიარება: