ფორმულა 1, კადილაკი, ვალტერი ბოტასი
Aa
Aa

ვალტერი ბოტასმა მალაიზიიდან სინგაპურამდე 418 კმ ველოსიპედით გაიარა

Formula 1-ის მრბოლელმა თვითმფრინავით მგზავრობას ველოსიპედი არჩია და სინგაპურამდე გრან-პრისთვის 418 კილომეტრი გაიარა.

Formula 1-ის ფინელმა მრბოლელმა, ვალტერი ბოტასმა, რომელიც მიმდინარე სეზონზე Cadillac-ის სახელით ასპარეზობს, გასულ უქმეებზე სინგაპურში გასამართ გრან-პრიზე მოსახვედრად უცნაური გზა აირჩია. მაშინ, როდესაც, როგორც წესი, F1-ის ყველა პილოტი რბოლაზე ჩასასვლელად თვითმფრინავს ირჩევს, მან ველოსიპედით 418 კილომეტრი გაიარა.

ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა

ეს უჩვეულო მოგზაურობა კი ბოტასმა სეპანგის ტრასაზე გამართული გრან-პრის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო და სინგაპურში 7 ოქტომბერს დაასრულა.

სტანდარტული მოგზაურობის ნაცვლად, F1-ის მრბოლელმა რთული მარშრუტი აირჩია, რომელიც უგზოობისა და ხრეშიან მონაკვეთებსაც მოიცავდა. ველოსიპედით უცხო ლოკაციებზე გადაადგილებას კი არც ღამის საათებში მორიდებია. მოგზაურობა რამდენიმე დღეზე გადაანაწილა და დღეში დაახლოებით 160 კილომეტრის დაფარვაც დაგეგმა.

გზაზე ბოტასს ადგილობრივი ველური ბუნებისგანაც მოუწია თავის დაცვა. BBC-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ რამდენიმე გველი დაინახა, მათ შორის კობრა და პითონი, რომლებიც გზას კვეთდნენ. ასევე ნახა დიდი ხვლიკები, რომელთაგან ერთ-ერთს ველოსიპედითაც გადაახტა. F1-ის მრბოლელს გზაზე ძაღლებიც გამოეკიდნენ და ბოლოს ძროხების ჯგუფის უკანაც მოუწია მოძრაობა.

„რამდენიმე გველი დავინახე, რამაც ცოტა შემაშფოთა, თუმცა ისინი მშვიდად იყვნენ და საკუთარ საქმეს აკეთებდნენ“, — განაცხადა ბოტასმა BBC-სთან. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ღამით ჯუნგლებში ველოსიპედით გადაადგილება იყო.

საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ერთი უწყინარი ხუმრობით დაიწყო. რეალურად, ბოტასის მოგზაურობის იდეა მის პარტნიორს, ტიფანი კრომველს, ეკუთვნოდა. როგორც The Athletic-ი წერს, კრომველმა ხუმრობით უთხრა, რომ მას მალაიზიიდან სინგაპურამდე ველოსიპედით ჩასვლა შეეძლო, რადგან მანძილი არც ისე დიდი იყო.

ბოტასმა კი ეს იდეა რეალობად აქცია. მისივე თქმით, ყველამ, ვინც მის ვარჯიშებს თვალს ადევნებს, იცის, რომ მსგავსი დატვირთვა მისთვის უჩვეულო არ არის და გამძლეობაზე ორიენტირებული აქტივობები ისედაც ძალიან უყვარს.

აქვე, ალბათ, უნდა ვახსენოთ, რომ ბოტასი მხოლოდ ავტოსპორტით არაა გატაცებული — ის გამოცდილი ველომრბოლელიცაა. ფინელმა გრაველის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში, ჩეხეთში, მეხუთე პოზიცია დაიკავა და ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები