უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოება, ვოლვო, ქალები, ქრაშ ტესტი
Aa
Aa

როგორ გადაარჩინა Volvo-მ ავარიაში სიკვდილს ათასობით ქალი?

ავტოინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა საკმაოდ მწარე და ნაკლებად აღიარებული რეალობა — ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ქალები ბევრად უფრო სერიოზულად შავდებოდნენ, ვიდრე მამაკაცები. ვირჯინიის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ქალები, კაცებთან შედარებით, ავარიისას მძიმე დაზიანებების მიღების 47%-ით, ხოლო დაღუპვის 17%-ით მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ.

ამ უთანასწორობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ უსაფრთხოების ტესტების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ მამაკაცის ანატომიაზე მორგებული მანეკენებით ტარდებოდა. თუმცა, Volvo-მ — ბრენდმა, რომელმაც თავის დროზე სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი გამოიგონა — ეს გენდერული უთანასწორობა საკუთარ ავტომობილებში საბოლოოდ აღმოფხვრა.

50 წლის კვლევის შედეგები: რისკი 88%-ით შემცირდა!

Volvo-ს უსაფრთხოების ექსპერტებმა, თომას ბრობერგმა და ლოტა იაკობსონმა 50 000-ზე მეტი რეალური ავტოსაგზაო შემთხვევის 50-წლიანი ანალიზი წარადგინეს.

შედეგები შთამბეჭდავია — Volvo-ს ავტომობილებში მძღოლების დაშავების საერთო რისკი 79%-ით, ხოლო ქალი მძღოლებისა და მგზავრებისთვის დაშავების რისკი 88%-ით შემცირდა. დღეს Volvo-ს თანამედროვე მოდელებში ქალებისა და მამაკაცების უსაფრთხოების დონე აბსოლუტურად გათანაბრებულია.

გარდა ამისა, საგრძნობლად გაუმჯობესდა უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრების უსაფრთხოებაც, რაც დღეს წინა სავარძლების მაჩვენებლებს უტოლდება ან უსწრებს კიდეც.

როგორ მიაღწია ამას შვედურმა ბრენდმა?

სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სტანდარტულ „ქრაშ-ტესტებს“ ატარებდნენ, Volvo-მ 1990-იანი წლებიდან ქალის ანატომიაზე დაფუძნებული სპეციალური მანეკენების (მათ შორის ორსული ქალის ვირტუალური მანეკენების) გამოყენება დაიწყო.

კომპანიამ შეიმუშავა SIPS სისტემა, რომელიც გვერდითი დარტყმისგან იდეალურად იცავს. ასევე, შვედებმა შექმნეს ხერხემლისა და კისრის დაზიანებისგან დამცავი სპეციალური სავარძლები (რაც განსაკუთრებით ხშირად აზიანებდა ქალებს) და ადაპტური უსაფრთხოების ღვედები, რომლებიც ითვალისწინებენ მგზავრის წონას, სიმაღლესა და სხეულის აღნაგობას.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, რომელიც თანაბრად დაიცავს ყველას — მიუხედავად სქესისა, სიმაღლისა, წონისა თუ იმისა, თუ რომელ სავარძელზე ზის მგზავრი,“ — აღნიშნავს Volvo-ს უსაფრთხოების წამყვანი ექსპერტი ლოტა იაკობსონი.

Volvo-მ თავისი კვლევის მონაცემები და „უსაფრთხოების ფორმულა“ კვლავ ღიად გაუზიარა ავტოინდუსტრიას, ისევე, როგორც 1959 წელს უსაფრთხოების ღვედის პატენტი გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა სტანდარტების ამაღლება სხვა ავტომწარმოებლებმაც შეძლონ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრაგიკული შემთხვევის გამო, ამიერიდან დამმუხტველზე შეერთებული Tesla-ს დაძვრა შეგეძლებათ
    ტრაგიკული შემთხვევის გამო, ამიერიდან დამმუხტველზე შეერთებული Tesla-ს დაძვრა შეგეძლებათ