ელექტრომობილი, ციტროენი, ციტროენი 2სივი
Aa
Aa

Citroën-ი ლეგენდარულ 2CV-ს აბრუნებს | თუმცა, უკვე ელექტრომობილად

პარიზის ავტოგამოფენისთვის ფრანგული ბრენდის მთავარი სიახლე 2CV Concept-ი გახლავთ. კონცეპტუალური მოდელი კომპაქტური ელექტრომობილია, რომელიც სერიულ წარმოებაში 2028 წლამდე ჩაეშვება.

Citroën-ი ლეგენდარული 2CV-ის თანამედროვე ვერსიას ამზადებს. უახლესი 2CV Concept-ი ფრანგული ბრენდის ხედვას წარმოადგენს — ხედვას ხელმისაწვდომ ელექტრომობილებზე, შედარებით დაბალი წონით, პატარა ზომითა და მარტივი კონსტრუქციით.

ახალი მოდელის სერიულ წარმოებაში ჩაშვება 2028 წლამდე იგეგმება. Citroën-ის მიზანია, გამოშვების დრომდე ელექტრომობილის საწყისი ღირებულება 15 000 ევრო შეინარჩუნოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, კომპანიას იმედი აქვს, რომ ელექტრომობილის საწყისი ფასი სწორედ ეს იქნება, თუმცა ამას საბოლოო გარანტიად მაინც არ ასახელებს.

ამავდროულად, ახალი მოდელის შექმნით Citroën-ს სურს, ლეგენდარული 2CV-ის მთავარი დანიშნულება უკვე თანამედროვე ავტომობილებშიც გადმოიტანოს. შესაბამისად, მომხმარებელს მხოლოდ აუცილებელი ფუნქციების მქონე მოდელი შესთავაზოს და ზედმეტ სირთულეებსა და ხარჯებზე უარი თქვას. ამასთან, ის ფაქტი, რომ ელექტრომობილი ევროპაში იწარმოება, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინელი მწარმოებლების მზარდი კონკურენციის პირობებში.

Citroën 2CV Concept-ის სიგრძე 3.76 მეტრია, რაც ორიგინალ 2CV-ზე ნაკლებია. ამ ზომებით კი ახალი მოდელი, სავარაუდოდ, Citroën Ami-სა და ელექტრო ë-C3-ს შორის განთავსდება. ასევე, კომპანია ავტომობილის წონის დაახლოებით ერთ ტონამდე შემცირებასაც გეგმავს. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ავტომობილი ნაკლები მოცულობისა და ფასის მქონე ბატარეას გამოიყენებს და შედეგად, ყოველდღიური გადაადგილებისთვის შედარებით ეკონომიურიც იქნება.

ახალი 2CV ორიგინალიდან რამდენიმე ცნობილ დეტალსაც გაიმეორებს, მათ შორის, მრგვალი ფორმის მაშუქებს, რომლებიც ძარისგან გამოყოფილად ჩანს. ასევე, თავდაპირველ 2CV-ს საბურავებისთვის გაფართოებული თაღები და უკანა ნაწილისკენ დახრილი სახურავიც მოგვაგონებს. დამატებით, კონცეპტუალური მოდელი LED-განათებითა და უჩვეულო დიზაინის 19-დუიმიანი ფოლადის დისკებით არის აღჭურვილი. გამორჩეული ნაწილია გასაწევი ქსოვილის სახურავიც.

ინტერიერში Citroën-მა ტრადიციული ხელსაწყოთა პანელის ნაცვლად ცილინდრული ფორმის კონსტრუქცია გამოიყენა. სწორედ აქ არის მოთავსებული მართვის ელემენტები და ეკრანები. ავტომობილს ერთქიმიანი საჭე აქვს, რომელიც ასევე წააგავს ორიგინალი მოდელის დიზაინს, სენსორული ეკრანი კი 8-დუიმიანი და კვადრატული ფორმისაა. სალონისთვის ყვითელი ფერის ქსოვილია შერჩეული, რაც კონცეპტუალურ მოდელს გამორჩეულ იერს აძლევს.

Citroën 2CV Concept-ის სერიულ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ავტომწარმოებელი უახლოეს პერიოდში მიიღებს. ამ დროისთვის ინფორმაცია არც მის ტექნიკურ მახასიათებლებზე გვაქვს. შესაბამისად, 15 000 ევროს სამიზნე ფასი და დაახლოებით ერთტონიანი წონა ამ ეტაპზე კომპანიის გეგმებად რჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Citroën 2CV Sahara — ორძრავიანი ყველგანმავალი 27 ცხენის ძალით
    Citroën 2CV Sahara — ორძრავიანი ყველგანმავალი 27 ცხენის ძალით