Opel-მა ახალი STX Concept წარადგინა | ელექტრო უნივერსალი Ferrari-ს ლეგენდარულ მოდელს მოგვაგონებს
კონცეპტუალური მოდელი უნივერსალების მომავალზე Opel-ის ხედვას წარმოაჩენს, ხოლო დიზაინით ლეგენდარულ Ferrari 250 GT SWB Breadvan-ს მოგვაგონებს.
გლობალურ საავტომობილო ბაზარზე SUV-ების პოპულარობის ზრდამ უნივერსალების ბაზრის შემცირების საფრთხე შექმნა. თუმცა მაინც დარჩა რამდენიმე ევროპული ავტომწარმოებელი, რომელიც ამ სეგმენტის მომავალს კვლავ ხედავს. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომწარმოებლებს შორისაა Opel-იც, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარიზში თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელი — STX Concept, იგივე Sports Tourer eXperimental Concept — წარადგინა.
ასევე იხილეთ: ოპელი, რომელსაც ვერ იჭერდნენ - Omega-ს დაუჯერებელი ისტორია
სტანდარტულად, ევროპული წარმოების უნივერსალები დაბალი სახურავითა და დამახასიათებელი სილუეტითაა ცნობილი. Opel-ის განმარტებით, STX Concept-ი გერმანული ბრენდის დიზაინის ახალ მიმართულებას წარმოაჩენს. ეს არის დიზაინის ენა, რომელიც მომდევნო თაობის მოდელებში თამამ, ემოციურ და დახვეწილ ფორმებთან ერთად ეფექტიანობაზეც იქნება ორიენტირებული.

Opel-მა კომპანიის ისტორიაში პირველი უნივერსალი, Olympia Rekord Caravan-ი, 70 წელზე მეტი ხნის წინ გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონცეპტუალური მოდელი მისგან მკვეთრად განსხვავებულია, STX Concept-ი დიზაინით მართლაც რომ გამორჩეულია.
„STX Concept-ი გვიჩვენებს, რამდენად საინტერესო და ემოციური შეიძლება იყოს მომავლის უნივერსალი — მაქსიმალური ფუნქციურობითა და ეფექტიანობით. ეს კონცეპტუალური მოდელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს, როგორც უნივერსალების განვითარების პიონერების, როლს ევროპაში“, — განაცხადა Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორიან ჰიუტლმა.
გერმანული მოდელის წინა ნაწილი Opel Vizor-ის დიზაინის განახლებულ ვერსიას იყენებს. აგრესიული LED-მაშუქები ცენტრისკენ თანდათან ვიწროვდება. კაპოტიც ელექტრომობილისთვის უჩვეულოდ გრძელია, რაც ამ მოდელს კლასიკურ პროპორციებს უნარჩუნებს. ამის საპირისპიროდ, უჩვეულო დიზაინი აქვს ორფეროვან, სამკუთხა ფორმის ბორბლებს. შედეგად, მოძრაობისას იქნება შთაბეჭდილება, თითქოს ავტომობილი ტრასის ზედაპირზე დაცურავს.

თუმცა ამ STX Concept-ის დიზაინში ყველაზე მეტად ყურადღებას მაინც მისი უკანა ნაწილი იპყრობს. მათ შორისაა საბურავებისთვის გაფართოებული თაღები და მასიური C-სვეტები, რომლებიც სახურავსა და უკანა მინაში შეუმჩნევლად გადადის.
სტანდარტული უნივერსალებისგან განსხვავებით, აქ მოდელის სახურავი და უკანა მინა საბარგულისკენ თანდათან არ ეშვება. უკანა მინა უფრო ვერტიკალურადაა, რაც ავტომობილს Ferrari 250 GT SWB Breadvan-ის ცნობილ სილუეტს ამსგავსებს. ეს მოდელი Ferrari-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ავტომობილია.
Opel-ს კონცეპტუალური მოდელის ინტერიერის ფოტოები ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ვიცით, რომ სალონის დიზაინი ე.წ. „სინათლით ხატვის“ კონცეფციას გააგრძელებს. ეს უკანასკნელი პირველად 2023 წლის Opel Experimental-ში ვიხილეთ, მოგვიანებით კი Opel Corse GSE Vision Gran Turismo-შიც გამოჩნდა.
ასევე შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. ცნობილია, რომ STX Concept-ი ოთხივეწამყვანია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს გადააჭარბებს. თუმცა ელექტროძრავების სიმძლავრესა და სვლის მარაგზე მონაცემებს ამ დრომდე არ ვფლობთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს