Volkswagen Group-მა მფრინავი ტაქსის პროტოტიპი წარმოგვიდგინა
მფრინავი ტაქსების სეგმენტი სულ უფრო იზრდება.
Volkswagen Group-მა მფრინავი ტაქსის პროტოტიპი წარმოგვიდგინა, რომელიც ავტომწარმოებლის ჩინურმა დივიზიამ შექმნა.
VW Group-ი ამ ტაქსის „სამგზავრო დრონს“ უწოდებს. ის ვერტიკალურად ფრინდება და ჯდება. სრულიად ელექტროა. მას ავტონომური მართვის სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უპილოტოდ ფრენაც შეუძლია.
შემდგომი სატესტო ფრენები წლის ბოლოს ჩატარდება და კონცეპტი კიდევ უფრო დაიხვეწება. გაუმჯობესებული პროტოტიპს კი 2023 წლის ზაფხულში ვიხილავთ.
პროტოტიპს ვერტიკალური ფრენისთვის 8 როტორი აქვს და ორიც ჰორიზინტალური ფრენისთვის. ტაქსის 4 ადამიანის და მათი ბარგის გადატანა შეუძლია. კომპანია ამ ტაქსების გამოყენებას მხოლოდ პრემიუმ მომსახურების სახით, ადამიანთა პატარა ჯგუფისთვის, საქალაქთაშორისოდ გეგმავს.
მფრინავი ტაქსების სეგმენტი სულ უფრო იზრდება. Hyundai Motor Group, Lilium, Mercedes-Benz-ის და Geely-ის დაფინანსებული Volocopter-ი დაToyota-ს მფარველობის ქვეშ მყოფი Joby Aviation - ეს არის იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ამ სეგმენტით არიან დაინტერესებულნი.
მფრინავი ტაქსებით Audi და Porsche-ც ინტერესდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა Volkswagen Group-მა აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მფრინავი ელექტრო ტაქსები ძალიან ეკონომიურია, საცობებსაც განმუხტავს და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს, წინ მაინც ბევრი წინააღმდეგობა ხვდება. კანონდმებლები ჯერ საჰაერო მოძრაობის წესებზე უნდა ჩამოყალიბდნენ. გარდა ამისა, ჯერ ტექნოლოგიაც არ არის ბოლომდე დახვეწილი.