Aa Aa
19 აგვისტო 2022  |  10:19

ბევერლი ჰილსის ფარეხებში უამრავ მიტოვებულ სპორტულ მანქანას გადააწყდებით

ლოს ანჯელესი საოცარი საავტომობილო კოლექციების მხარეა, მაგრამ ასეთი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი მოუვლელ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, მდიდარი ადამიანები საოცნებო ავტომობილებს სათანადო ყურადღებას ვერ ან არ აქცევენ.

ერთ-ერთმა პოპულარულმა იუთუბერმა ლოს ანჯელესში ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. მისი მიზანი მიტოვებული „ჰიპერქარების“ და საკოლექციო მოდელების დაფიქსირება იყო. მან ექსკლუზიურ, მიწისქვეშა ფარეხებში შესვლა მოახერხა და უამრავ საინტერესო ავტომობილსაც გადააწყდა.

ერთ-ერთი ასეთი ფარეხი ბევერლი ჰილსზე მდებარეობდა. ის უამრავი Bentley-თ, Rolls-Royce-ით და McLaren-ით იყო გადაჭედილი. თუმცა, ეს ყველაზე შთამბეჭდავი „პარკინგი“ არ გახლდათ.

რამდენიმე მეტრის მოშორებით მტვერს უიშვიათესი, MSO-ს მიერ მოდიფიცირებული Mercedes-Benz SLR McLaren-ი ჰქონდა დაფარული. მსოფლიოში სულ 25 ასეთი მოდელი არსებობს. სამწუხაროდ, ეს მანქანა მოვლილი ნამდვილად არ არის. უკანა მაშუქებზე კონდენსაციაც შეინიშნება. ეს ავტომობილი კიდევ უფრო იშვიათ McLaren Sabre-სთან ერთად იდგა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოში ნაჩვენები ავტომობილების უმეტესობა არ არის მიტოვებული. მათი მიტოვებული მოდელებისგან გარჩევა მარტივად შეიძლება. ცნობისმოყვარე თვალისთვის დამალული იყო ორი McLaren Senna და ორი McLaren Elva. აქვე იდგა McLaren Speedtail-იც. გარემოს დიდებულებას ანიჭებდა შეუღებავი კარბონის კორპუსის მქონე Bugatti Chironi-ც. იტალიური დრამა კი Lamborghini Aventador SVJ-ს სახით იყო წარმოდგენილი. ამ მანქანების უმეტესობა სპეციალურ მოწყობილობაზე იყო შეერთებული, რათა აკუმულატორები არ განმუხტულიყო. მხოლოდ ამ კუთხეში განთავსებული მანქანების ღირებულება მინიმუმ 10 მილიონი დოლარია. 

გაზიარება: