ავარია, პოლიცია, დევნა, ხანძარი, ტოიოტა, ტოიოტა სუპრა, ტოიოტა ა50 სუპრა
Aa
Aa

Toyota Supra პოლიციისგან 160 კმ/სთ-ით გაქცევისას ცეცხლში გაეხვა

ნამსხვრევებიდან ძნელია იმის თქმა, რომ თქვენ წინაშე მეოთხე თაობის Toyota Supra-ა. ეს მანქანა ფლორიდაში პოლიციის დევნის შემდეგ განადგურდა. მძღოლი კი სამართალდამცველებისგან გაქცევისა და სხვების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით უკვე დაკავებულია.

ფლორიდის საგზაო პატრულის ცნობით, მათი დანაყოფი განდის ხიდზე პატრულირებდა, რა დროსაც 90 კმ/სთ-ის სიჩქარით დაშვებულ ზონაში, 150 კმ/სთ-ით მოძრავი A80 Supra შენიშნეს. პოლიციელებმა მანქანის მძღოლის შეჩერება სცადეს, თუმცა მან სიჩქარეს მოუმატა და 160 კმ/სთ-ით გაქცევა სცადა.

გაქცევის მიუხედავად, ეკიპაჟი Supra-ს დაეწია და PIT მანევრის საშუალებით მისი შეჩერებაც მოახერხა. თუმცა ამ ტიპის გაჩერებას კუპეს გადმობრუნება მოჰყვა, შემდეგ კი მოდელი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლში გაეხვა. დაზიანებები საკმაოდ დიდია, დაწყებული იქიდან, რომ ავტომობილის წინა ნაწილი თითქმის სრულად განადგურებულია და დასრულებული უკანა ბამპერით, ჩამსხვრეული საქარე მინითა და უკანა შუშით.

ავარიის სიმძიმის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ მანქანაში მყოფი ორი ადამიანი სერიოზულად არ დაშავებულა. ორივე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

მძღოლი ტამპაში მცხოვრები 31 წლის ბრენდონ რამნარინია. მას მაღალი სიჩქარით მანქანის მართვისთვის, გაქცევისა და სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის ბრალი უკვე წარუდგინეს. დანაშაული შესაძლოა 10 000 დოლარის ოდენობის ჯარიმას და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს.

 

მსგავსი სიახლეები